რეზონანსი
(23.07.2021)


თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

პროკურატურამ გიორგი წარუაშვილს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ი.თ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება", - აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა გიორგი წარუაშვილი 22 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე