ია აბულაშვილი
(19.04.2021)


შუა საუკუნების ქართული ხუროთმოძვრების უნიკალური ძეგლი ბარალეთის ეკლესია, რომელიც ჯავახეთში, სოფელ ბარალეთში მდებარეობს მე-13 საუკუნით თარიღდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეკლესია თამარ მეფის ვაჟს ლაშა გიორგის აუგია, სავარაუდოდ 1213 წელს.

ამას მოწმობს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერა "აღაშენა ეკლესია ესე მათ ჟამსა ოდეს ლაშა მეფედ იჯდა, ადიდონ ღმერთმან ორთავ ცხოვრებასა შინა".

ბარალეთის ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერაი სამეფოსა საქართველოისა". ასევე პაპუნა ორბელიანი "ამბავი ქართლისანი". ბარალეთის ეკლესია მოხსენიებულია გურჯისტანის ვიალეთის დიდ დავთარში. "გურჯისტანის ვიალეთში" ეს ეკლესია "ბარალისის" სახელით არის შეტანილი.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მოხატული იყო ფრესკებით. ეკლესიის ცენტრში გამოსახული იყო ბოლონიური მედალიონი და დანიელი ლომების ხროვაში. გასულ საუკუნეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიის მახლობლად "ნაცარგორაზე" და "ამაღლებაზე" ნაპოვნი იქნა შავი და მოწაბლისფერო პრიალა პირმოყრილი ჯამები და ყურიანი ქოთნების ფრაგმენტები. ასევე ბრინჯაოს ისრისპირები.

ბარალეთის ეკლესია მე-18 საუკუნემდე არსებობდა, ვიდრე ლეკებმა არ დაანგრიეს. ლეკებს ეკლესიიდან დიდძალი განძიც გაუტაციათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე