ია აბულაშვილი
(07.04.2021)


დავითგარეჯის სასწაულებზე არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის არის ლეგენდა „ცრემლების წყალზე", რომელსაც მორწმუნეები „მადლის წყალსა" და „დავითის წყალს" უწოდებენ. ეს წყალი მოედინება უდაბნოს მთის კალთის ერთ-ერთ გამოქვაბულში, კლდიდან ცვარივით წვეთავს წყალი, რომელიც კურნავს უშვილობასა და თვალის დაავადებებს.

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ბერი კლდეში ცხოვრობდა. ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა და ბერს ამ წყლის სმა უწევდა. თავს ის იმით ინუგეშებდა, ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვასო. დავით გარეჯელმა შეიტყო ეს ამბავი, ესტუმრა ბერს და შეავედრა უფალს, რომ წყალი დამტკბარიყო.

ჭურჭელი წყაროს წყალით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა. ბერმა ამ წყალს „დავითის ცრემლები" უწოდა.

ერთხელაც იმ გამოქვაბულში, სადაც „ცრემლების წყალი" წვეთავს, მაჰმადიანი მწყემსები შესულან და თავისი სარწმუნოებრივი რიტუალი ჩაუტარებით. უცბად წყალი გაქრა. ბერებმა როგორც კი შეიტყვეს ეს ამბავი, იმ ადგილას „მადლის ქვა" ააბრძანეს, დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადეს და წყარო ნაკურთხი წყლით აკურთხეს. „ცრემლების წყალმა" უმალ დაიწყო დენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე