ია აბულაშვილი
(13.01.2021)


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლოს წმინდა ნინოს ჯვარის შესახებ, ქართულ ისტორიულ წყაროებში არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, კაბადოკიელ ნინოს ღვთისმშობელმა იერუსალიმში ქრისტიანობის საქადაგებლად ვაზის ნასხლევისაგან დამზადებული ჯვარი გადასცა. მეორე ვერსიით კი მცხეთაში ჩამოსულ წმინდა ნინო, რომელიც 3 წლის განმავლობაში მაყვლოვანში ლოცულობდა თავის თმებით შეუკრავს ჯვარი და სიკვდილის წინ ჯვარი ვაზისა მეფე მირიანს გადასცა.

მე-11 მე-12 საუკუნეებში წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. მეფე ვახტანგ მესამემ ჯვრისთვის გააკეთებინა სახატე, რომელზედაც აღბეჭდილი იყო წმინდანის ცხოვრების ექვსი ეპიზოდი.

როცა საქართველოს ჟამიანობა დაუდგა, უსაფრთხოების მიზნით ჯვარი მთაში, სტეფანწმინდაში გაუხიზნავთ. ამის შემდეგ ჯვრის ადგილსამყოფელის კვალი იკარგება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ჯვარი, რომლითაც განიკურნა დედოფალი ნანა, გორის მიტროპოლიტს რომანოზს თავის დისთვის მოსკოვში მიურთმევია საჩუქრად. სხვა ვერსიით კი არჩილ მეფეს წმინდანის ჯვარი საქართველოდან 1688 წელს გაუტანია.

წმინდა ნინოს ჯვარი მოსკოვში ქართველ დიდებულთა მამულში ინახებოდა, რომელიც ვახტანგ მეექვსის შთამომავალს ალექსანდრეს რუსეთის იმპრატორისთვის მიურთმევია, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავად.

1802 წელს კი იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით ჯვარი საქართველოს გადმოეცა. ცერემონია სტეფანწმინდაში გაიმართა. 1802 წლის 9 აპრილს კი წმინდა ნინოს ჯვარი ვაზისა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ჯვარი შემკული იყო წმინდა ნინოს თმებით და ფარჩის საფარველით. გადაკრული ჰქონდა ვერცხლის პერანგი და კიდობანში იყო ჩასმული. კიდობანზე კი აღბეჭდილი იყო წმინად ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე