ია აბულაშვილი
(28.12.2020)


კასპში, სოფელ კავთისხევში, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო უნიკალური ხუროთმოძვრული ძეგლებით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კლდის ქვით ნაგები წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ეკლესიას განსაკუთრებულობას სძენს, იქვე თამარ დედოფლის გორაზე აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც ისტორიულ წყაროებში კავთისხევის აკლდამის სახელით არის ცნობილი.

აკლდამა, გასული საუკუნის 60-იან წლებში შემთხვევით აღმოაჩინეს.

იგი შედგება საკნისა და დერენისაგან, ანუ როგორც ადრე ეძახდნენ - დომოსისაგან, რომლის სიმაღლეც ერთი მეტრია, სიგანე კი ერთ მეტრზე მეტი. როგორც მეცნიერები აღნიშნვენ, კავთისხევის აკლდამის არქიტექტურაში იგრძნობა გვიანფეოდულური ხანის ტიპიური ნიშნები, გუმბათი, თაღი, ისრული ფორმები და სხვა. აკლდამის შესასვლელთან შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი კიბე, ნაშენი კლდის ქვით, დერეფანი კი მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

აკლდამა პირველად აღმოუჩენია ვინმე თარხნიშვილს და რაღაღ ნივთებიც უპოვნია. გასული საუკუნის 50-იან წლებში "საისტორიო მოამბეში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მოთხრობილი იყო ამბავი ამ აკლდამაზე.

"სოფელ კავთისხევში მიამბეს ამ ოცი წლის წინათ უპოვნიათ მდინარე კავთურის გაღმით, მაღლობზედ აკლდამა, შიგ მიცვალებული მძიმედ მორთული, რომელსაც თავით და ფერხთით სდგომია თითბრის შანდლები. ის მიცვალებული ყოფილა დაფერფლილი, მაგრამ ფერფლი სულ ბზინავდაო.

ოქროს გულის ღილი დიდი, ორი ცერის ტოლი შანდლები. ოქროს ბეჭედი, რომელშიაც ჩასმულ ქვაზე ამოჭრილია მწოლიარე ირმის და ნახევარმზის გამოსახულება. ასევე ოქროს გერბიანი სამკაული"- ასეთ შინაარსის წერილს წერს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი მარი ბროსეს 1860 წლის 14 მაისს.

ადგილობრივების ცნობით, ამ სოფელს ხირად თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები. ამიტომაც კავთისხევს ადრე შავსოფელს ეძახდნენ. მათი ვარაუდით, აკლდამა ადრევე გაუძარცვავთ და მისგან მხოლოდ ეს ნივთებიღა იყო შემორჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე