ია აბულაშვილი
(16.12.2020)


თბილისის წმინდა სამების ეკლესია, პირველი ტაძარია, რომელიც ყოვლადწმინდა სამების სახელზეა აგებული. ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი ძველ თბილისში კალაუბანში მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯანზე აუგიათ. ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის რუკაზე სამების ეკლესია ამ სახელწოდებით დაუტანებია "ქართული ეკლესია კალაუბანი".

დღევანდელი ეკლესიის ადგილას მე-18 საუკუნეში მდგარა პატარა ეკლესია, რომლის მშენებლობაც 1790 წელს დასრულდა. პლატონ იოსელიანის ცნობით, ტაძარი პეტრე "ყარაულას", პეტრე აღნიაშვილს აუშენებია, რომელიც მეფე ერეკლე მეორის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული და თბილისს დაღესტნელების შემოსევებისგან იცავდა.

1836 წელს ტაძარი განაახლა პეტრე აღნიაშვილის ვაჟმა მღვდელმა შიო აღნიაშვილმა. მან დასავლეთის მხრიდან სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიაშენა. 1860 წელს ეკლესია ხელახლა განაახლა მწერალ ლავრენტი არდაზიანის ძმამ დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა.

ტაძარმა ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მიიღო. სამების ეკლესია, რომელიც "ჩახაზული ჯვრის ტიპისაა", ნაგებია აგურით, იმ აგურით, რომელიც თბილისის აგურის ქარხანაში მზადდებოდა. ფორმით კი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებს მიჰყვება. 1890 წელს თბილისის სამების ეკლესია მოხატა იტალიელმა მხატვარმა ლუდვიგ ლონგომ.

თბილისის ამ ულამაზეს ტაძარში სხვადასხვა დროს ჯვარი დაიწერეს ექვთიმე თაყაიშვილმა და ნინო პოლტარაცკაიამ. ივანე მაჩაბელმა და ანასტასია ბაგრატიონ -დავითაშვილმა.

ამ ტაძარში მონათლა თავისი შვილი აკაკი წერეთელმა. 1863 წლის 10 აპრილს კი ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა. მეჯვარეები იყვნენ ფლიგელ- ადიუტანტი დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე. პოდპოლკოვნიკი თავადი ილია ჩოლოყაშვილი. ილიას და ოლღას ჯვარი დასწერა სამების მოძღვარმა ნიკოლოზ არდაზიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე