ია აბულაშვილი
(26.10.2020)


ოდიშის დაბლობზე, სოფელ სუჯუნაში დგას თეთრი ქვით ნაგები, სამნავიანი ეკლესია, რომელიც მე-18 საუკუნეში ანტონ ჭყონდიდელს აუგია. ტაძრის აშენების ისტორიის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ეკატერინე ჭავჭავაძის პირადი მდივნის თედო ხოშატრიას მემუარებში. როგორც მემატიანე გადმოგვცემს ტაძარი აუგია "ღვთისნიერ და საქმის კარგ მცოდნე, ეროვნებით ბერძენ ოსტატს გიორგის". ეკლესიაში ინახება წმინდა გიორგის ნაწილები და დაბრძანებულია ტიხვინის ღვთისმშობლის ბეჭდური ხატი.

მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა გიორგის სასაწაულმოქმედი ხატი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა 1914 წელს აღწერა, მისი შეფასებით ხატი "ძლიერ ძველი უნდა იყოს". სუჯუნის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის მოსალოცად მორწმუნეები საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და "სასოებაც დიდი ჰქონდათ მის მიმართ" წმინდა გიორგის ხატი სულით ავადმყოფების მკურნალად ითვლებოდა და "შემსმენელი" ერქვა.

ხატი, ვერცხლით არის ნაჭედი, წმინდა გიორგი, რომაულ სამხედრო ტანსაცმელში შემოსილი ფეხზე დგას. მარჯვნივ ხელში გრძელი შუბი უჭირავს, მარცხენა ხელი ფარზე უდევს. თავის ირგვლივ ნიმბი აქვს, რომელშიც ძვირფასი ლალის დიდი ქვა უზის.

ხატის აშია შემკულია ყვავილების მსგავსი გრეხილებით. აშიის მედალიონებზე გამოსახული არიან მახარობლები წმინდა იოანე, წმინდა მარკოზი, წმინდა მათე, მთავარანგელოზი მიქაელი. ქვემოთ დედა ღვთისა ჩვილით ხელში და ღვთისმშობლის მიძინება.

ეკლესიაში დავანებლია ასევე წმინდა გიორგის სამი, ვერცხლით ნაჭედი დიდი ხატი, მათ შორისაა, წმინდა გიორგი ვეშაპს რომ ებრძვის, აშიებზე კი ჩანან ანგელოზები. ძვირფასი საეკლესიო ნივთებიდან საჯუნის ეკლესიაშ ინახება სანაწილე ოქროს ჯვარი, შემკული ძვირფასი ქვებით. სანაწილეში დევს ოქროს ჯვარი, შემკული ოქროს მავთულებით და მარგალიტებით. ასევე ვერცხლის ბარძიმი, ქვემოთ მხედრული წარწერით. ვერცხლის ფეხშუმი ოქროთი დაფერილი.

ეკლესიის მშვენებაა ფარჩის დაფარნა, აბრეშუმის ძაფით ნაკერი, რომელზედაც გამოსახულია იესო ქრისტე და ქერუბიმები. დაფარნა შემკულია წვრილი მარგალიტებით. ამოქარგულია ასომთავრული წარწერა "დაფარნა ცანი მშვენიერებამან მისმან, ხოლო სიწმინდითა მისითა აღივსო ყოველი ქვეყანა". ეკლესიის სიწმინდეებს შორისაა წმინდა გიორგის ოროლები, ერთი დიდი ერთი მცირე. ასევე სპილენძის ბუკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე