რეზონანსი
(23.07.2021)


„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცია წამოიწყო. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, დაიგეგმა გათამაშება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის წასახალისებლად. გათამაშებაში ყველა თანამშრომელს შეეძლება მონაწილეობა, ვინც კი აცრილი იქნება.

წამახალისებელი აქცია 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ისინიც, ვინც მხოლოდ ერთჯერადად მოასწრებენ აცრას. 15 ოქტომბერს კი გამოვლინდება გამარჯვებული და დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე აღნიშნავს, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, რაც გათამაშება გამოცხადდა და აქტიურობა უკვე თვალშისაცემია. 

„კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ლატარიის ჩატარება გადაწყდა იმის გამო, რომ წავახალისოთ თანამშრომლები. მოგეხსენებათ, ვაქცინაციის პროცესის დროულად წარმართვა მეტად მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, რაც გათამაშების შესახებ გამოვაცხადეთ, უკვე 200-მა თანამშრომელმა გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლები საკმაოდ აქტიურობენ.

გათამაშება ჩატარდება 15 ოქტომბერს, მანამდე კი ყველას აქვს შანსი, რომ აიცრას და მიიღოს მონაწილეობა. იმ შემთხვევაშიც კი, ვინც ერთ აცრას მაინც მოასწრებს, უფლება ექნება, რომ გათამაშებაში ჩაერთოს. დაწესებული პრიზი კი არის 10 ცალი 1500-ლარიანი ვაუჩერი და გამარჯვებულისთვის ერთი ცალი 5000-ლარიანი ვაუჩერი. გათამაშება გაიმართება სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის (ე.წ. „ფესბუქ ლაივის") საშუალებით და გამარჯვებულიც მაშინვე გამოვლინდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ტრაპაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე