ირაკლი ლომიძე
(22.07.2021)


დიდი ლოდინის შემდეგ ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირების საკითხს მხარი დაუჭირა. მისი პოზიცია მისაღებია ექსპერტული წრეებისთვსიაც, თუმცა ნაწილის შეფასებით, ცვლილება უნდა მომხდარიყო კლების და არა ზრდის მიმართულებით, რაც სერიოზულ ეჭვს იწვევს და არის რისკი, რომ გაზრდილი ბიუჯეტი საარჩევნოდ გარკვეული წრის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მოხმარდეს.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის დადებით ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით.

სპეციალისტები თვლიან, რომ ბიუჯეტის კორექტირება ზრდის მიმართულებით მთავრობის არასწორი პოლიტიკის მანიშნებელია და ამან მომვალში შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს. ამის შესახებ ,,რეზონანსთან" ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რამაზ გერლიანმა განაცხადა.

,,პოსტკრიზისული პერიოდისთვის, ბიუჯეტი ისედაც დიდი მოცულობით იყო წარმოდგენილი. ჩვენ ვიცით, რომ მისი დიდი ნაწილი ვალებით არის ფორმირებული, ამიტომ აჯობებდა, ბიუჯეტის კორექტირება ზრდის მიმართულებით არ ყოფილიყო, ეს აშკარად არასწორი პოლიტიკაა. თუმცა საარჩევნო წელიწადია და ბიუჯეტის ამ ფულს ყულაბის სახით გამოიყენებს კონკრეტული ვიწრო ჯგუფი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, სხვა სერიოზულ ცვლილებას იგი ვერ გამოიწვევს. მისაღები იქნებოდა ბიუჯეტის კორექცია თუ ის მოხდებოდა ოპტიმიზაციის, შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს. ვხედავთ, რომ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი და მერე უკვე პირდაპირ თუ ირიბად ამის დაფინანსებას ხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი, რომლის გადაფარვა შემდეგში უკვე პირდაპირ თუ ირიბად, გარკვეული სოციალური ხარჯის შეფუთვით ხდება. მთავრობამ კარგად აუღო ალღო სახელმწიფო ხარჯების გაზრდით მიღებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რეალურად ეს არის საბიუჯეტო ფულის ხარჯვა. აშკარაა, უნდათ, რომ არჩევნებამდე მაინც ეს ზრდა შესამჩნევი იყოს და ბიუჯეტის კორექტირებაც ამას ემსახურება. თუმცა განმარტებით ბარათში ვერც კი შეედავები, იმდენად საჭირო მიმართულებები გამოიყო", - განაცხადა გერლიანმა ,,რეზონანსთან".

საპირისპირო მოსაზრებისაა ფინანსისტი ლევან ქისტაური, რომლის შეფასებითაც, ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელი იყო და სწორია, რომ მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა.

,,ბიუჯეტი ფორმირება გარდაუვალი იყო. თავიდან, როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოქვეყნდა, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ბიუჯეტის კორექტირება იქნებოდა აუცილებელი და ასეც მოხდა, გადაწყვეტილება მიღებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში პრობლემა შეექმნებოდა. ვხედავთ, რომ დეფიციტი ძალიან მაღალ დონეზეა სამთავრობო ვალთან ერთად, რის გამოც დღეს სხვა გამოსავალი არ ჩანს გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი დაკორექტირდეს. მთავრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეფიციტის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი პრობლემა შეგვექმნებოდა, რადგან მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით მძიმე პერიოდი გვაქვს და ქვეყნის სტაბილურობა ამ საკითხის მოგვარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული", - განაცხადა ქისტაურმა.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის 32.3 მილიარდი ლარია. აქედან სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 26.3 მილიარდ ლარს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის დაახლოებით, 6 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის და უმსხვილესი კრედიტორი, 6.4 მილიარდი ლარით "მსოფლიო ბანკია". საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი კრედიტორი კი გერმანიაა, 2.5 მილიარდი ლარით.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიით, რომელიც უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, საგარეო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-დან 54.6%-მდე შემცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე