მსოფლიოში, როგორც იქნა, გაიაფების ტენდენცია დაიწყო, მაგრამ საქართველოში ამ ყველაფერს ლარის გაუფასურება ანიავებს
ირაკლი ლომიძე
(19.04.2021)


გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია დაიწყო. პირველ რიგში, ეს ეხება ხორბალს და ლარის კურსი რომ არა, ქართულ ბაზარზე მკვეთრი საფასო სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა 3,45-იან მაჩვენებლთან ახლოს არის, გლობალური ტენდენციები ქართულ ბაზარზე ნაკლებად აისახება. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ფქვილის სუბდისიის საჭიროება მალე აღარ იქნება და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე მოიხსნება. გარდა ამისა, უცხოურ ბაზრებზე მცირედით გაიაფდა შაქარი და ზეთი, რაც ჯერჯერობით საცალო გაყიდვებზე არ ასახულა. რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქტს, გაიაფება უმეტესად რძესა და რძის პროდუქტებზე შეიმჩნევა, განსაკუთრებით ყველი გაიაფდა. ყოველ კვირა ეცემა კარტოფილის ფასიც.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, შაქრის ფასები 4.0%-ით შემცირდა, ხოლო მარცვლეულის ფასებამა 1.8%-ით იკლო.

,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა ცვლილებები ელის პურპროდუქტების ბაზარს, დაახლოებით რა ვადაში მოიხსნება სუბსიდია და  და კიდევ რა პროდუქტი შეიძლება გაიაფდეს უახლოეს პერიოდის განმავლობაში.

გაირკვა, რომ 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 61 ლარზე ჩამოვიდა, სუბსიდია კი 53 ლარზეა დაწესებული. მთავრობა ახლა ამ ფულს ზოგავს. თავიდან მთავრობას განცხადებული ჰქონდა 10, შემდგომში კი 15 და  20- ლარიანი სუბსიდირება თითოეულ ტომარა ფქვილზე. ამჟამად კი სინამდვილეში 8 ლარის გადახდა უწევს და დაახლოებით 3-4 კვირაში შეიძლება საერთოდაც აღარ იყოს დახმარებს საჭიროება.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა,  სუბსიდია ასე სწრაფად ვერ გაუქმდება, თუმცა ვადაზე ადრე მთავრობას მოუწევს ამ შეღავათის გაუქმება. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაგან ტენდენცია გაიაფებისკენაა. 

,, მსოფლიო ბაზრებზე მოსავლის პროგნოზი დამაიმედებელია, მათ შორის რუსეთშიც. 1-ლი ივლისიდან დაანონსებული აქვთ ე.წ. მცურავი ბაჟის დაწესება, რაც ასეთი ფორმულაა: მსოფლიო ბაზრის ფასებს მინუს 200 დოლარი და მისი 70%. ეს ახალი ტიპის ბაჟიც თუ იქნა ისეთი, რომ რუსულმა ხორბალმა კონკურენცია ვერ გაუწია მსოფლიო ბაზარს, შესაბამისად, ექსპორტიორები საბაჟო გადასახადის საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ. 

ფასი ნამდვილად მცირდება და უკვე დაეტყო ადგილობრივ ბაზარსაც,  ხოლო ივლისიდან კიდევ დაიწევს. მცურავი ბაჟი ხორბალს გააიაფებს დაახლოებით 22-23 დოლარით. მთავარია, ლარის კურსი მეტ-ნაკლებად მაინც დასტაბილურდეს, რომ ბაზარმა შეღავათი იგრძნოს. 

გარდა ამისა, ყველა ახალ მოსავალს ელოდება.  შესაბამისად, მარცვლეულის თვითღირებულება შემცირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ლარის კურსი რჩება გამოწვევად. შეიძლება მსოფლიო ბაზარზე დოლარში კი დაიკლოს ფასმა, მაგრამ კურსი თუ გააგრძელებს ვარდნას, შეიძლება ხელშესახები გაიაფება ვეღარ ვიგრძნოთ. მაგალითად, ხორბალი თუ 20 დოლარით გაიაფდება, ლარის ასეთი რყევა, სხვაობას გააქრობს და შეღავათს ბაზარი დიდად ვერ იგრძნობს“, -  განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ლევან სილაგავამ.

ეკონომიკის  დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მთელი რიგი პროდუქტების გაიაფებას ივნისიდან ელოდება, უფრო მეტად კი შემოდგომიდან. მართალია, ფაოს ინდექსი გარკვეულ პროდუქტებზე შემცირდა, მაგრამ ადგილობრივ სავაჭრო  ქსელებში ამ ცვლილებამ ასახვა ჯერჯერობით ვერ ჰპოვა. ეს მოსალოდნელია ზაფხულიდან.

,,საცალო ქსელში გაიაფება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, ივნისიდან შეიძლება დაიწყოს, ჯერჯერობით საიმედო არაფერია. სავარაუდოდ, გაიაფდება ცხიმები, განსაკუთრებით პალმისა და ქოქოსის ზეთი, ასევე სოიო. გაიაფება უფრო სექტემბერ-ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ახალი მოსავლით იქნება განპირობებული. ჯერჯერობით კი საქართველოს მოსახლეობას ისევ ფასების ზრდასთან უწევს გამკლავება. 

რამდენიმე ფაქტორია, რაც ერთდროულად მოქმედებს ფასებზე. მიუხედავად ამისა, პირველადი მოხმარების პროდუქტს რეალიზაციის მხრივ საფრთხე ნაკლებად ელის, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გაიყიდება, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტი კი საერთოდ შეიძლება გაქრეს დახლებიდან.  რაც შეეხება პირველადი მოხმარების სურსათს, გლობალურ ბაზრებზე მცირდება ზეთისა და შაქრის ფასიც, მაგრამ მაღაზიებში, საცალო ქსელში გაიაფებას ჯერჯერობით ვერ ვატყობთ, ისევ და ისევ ლარის გაუფასურების გამოისობით“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ შენგელიამ.

ადგილობრივი ნაწარმიდან კი მცირედით გაიაფდა რძე და ყველი, რაც ჩვენთან საუბრისას ფერმერებმა დაადასტურეს. გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა ვახო გათენაშვილმა აღნიშნა, რომ სეზონიდან გამომდინარე,  წარმოების მცირე ზრდაა, რაც საბოლოოდ ფასზეც აისახა. 

,,ნედლი რძე მცირედით გაიაფდა, თებერვალში რძე 2,50 ლარზე ნაკლებად არ გაგვიყიდია, ახლა 2 ლარზე ჩამოვიდა, საწარმოებში კი 1,60 ლარად ვაბარებთ. გაზაფხულის  პერიოდი  რძისა და რძის პროდუქტებისთვის ყოველთვის ფასების კლებით  გამოირჩევა და ახლაც მასზე დიდწილად სეზონური ფაქტორი მოქმედებს. 12 ლარიდან 10 ლარამდე შემცირდა ყველის ფასიც. 

უახლოესი თვეების განმავლობაში ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ თვითონ მერძევეობაში დიდი პრობლემაა, საქონლის სულადობის კლებაც თავის დაღს ასვამს დარგს. შესაბამისად,  იკლო რძის წარმოებამაც, რის გამოც ბაზარზე ზაფხულის პერიოდი მაინც სიძვირით იქნება გამორჩეული. ვფიქრობ, 8-9 ლარზე დაბლა ყველის ფასი არ ჩამოვა, რძის ღირებულება კი არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდება“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გარდაბნელმა ფერმერმა.

აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტების გაიაფების ტენდენცია ჯერ კიდევ თებერვლიდან იყო შესამჩნევი. 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში რძე და ყველი 2.7 პროცენტითაა გაიაფდა, თუმცა წლიურ ჭრილში ეს პროდუქტები 6.4 პროცენტითაა გაძვირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე