თამთა ჩაჩანიძე
(04.08.2021)


აშშ-მა საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის" რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო - სამხედრო ექსპერტები აღნიშნულს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს სისტემები შესაძლოა გამოიყენო იმისთვის, რომ თავდაცვითი ბრძოლები უფრო გონივრულად დაგეგმო და იმის გარანტი იყოს, რომ მოწინააღმდეგე თავდასხმასა და აგრესიას ნაკლებად იფიქრებს.

თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გასცა საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს, - ამის შესახებ თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი. „ჯაველინის" სისტემა დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით.

„აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს,"- ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველომ 2018 წელს შეერთებული შტატებისგან "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სისტემები პირველად მიიღო, სისტემა აშშ-ის სამხედრო შეიარაღების სრულფასოვანი ნაწილი 1996 წლიდანაა. "ჯაველინის" ეფექტი ვაშინგტონმა ყველაზე ფართოდ 2003 წელს, ერაყის ომის დროს გამოსცადა.

"ჯაველინი" არის ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები მოწინააღმდეგის ტანკების წინააღმდეგ იყენებენ.სისტემა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება- გამშვები ბლოკი, მასზე წინიდან მიმაგრებული გამაერთიანებელი და თავად რაკეტა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკამ სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მიიღო, რომელიც საქართველოს თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ეს გადაწყვეტილება ამერიკამ დიდი ხანია მიიღო - სამწლიანი დახმარების პროგრამაა, რომელიც თავდაცვითი საშუელებების გაძლიერებას და მის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს იმ პროგრამის გაგრძელებაა, როცა ჩვენ ჯაველინები და სტინგერები შევიძინეთ. ასე რომ, ეს სამედრო დახმარების პაკეტია, რომელიც საქართველოს უკრაინასთან ერთად აქვს გამოყოფილი. ეს ისედაც დაგეგმილი იყო და სამხედრო დახმარების პაკეტში ჯდება.

„ჯაველინები ტანკებისათვის სერიოზული დარტყმის მიყენების საშუალებაა და რვა აგვისტოს ომისას რომ გვქონოდა, რუსეთის დანაკარგი მეტი იქნებოდა, მაგრამ რეალურად სტრატეგიულად საქმეს დიდად ვერ შეცვლიდა.

„ჯაველინები შესაძლოა გამოიყენო იმისთვის, რომ თავდაცვითი ბრძოლები უფრო გონივრულად დაგეგმო და იმის გარანტი იყოს, რომ მოწინააღმდეგე შენზე სამხედრო თავდასხმისა და აგრესიას ნაკლებად იფიქრებს - ძირითადი მომენტი ესაა.

„თუმცაღა, ამავე დროს რუსეთსაც აქვს ახალი ტექნოლოგიები მათ შორის კონტრ საბატარეო საშუალებები, ასევე სპეციალური შტორმები, რომლებიც პირველ დარტყმებს იგერიებდნენ, ანუ ახლა რუსეთსაც აქვს ახალი შეიარაღება და ის აღარაა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰქონდათ. იმის მერე რუსეთის არმიამ საკმაოდ სერიოზული სამხედრო მოდერნიზაცია განიცადა.

„საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთმა სერიოზული გაკვეთილები და გამოცდილება გამოიტანა, ასევე, უკრაინის და სირიის გამოცდილებით, სამხრეთით ოპერატიული სტრატეგიული სარდლობა გააძლიერა. ჩვენთან 2008 წელს ბრძოლებმა აჩვენა, რომ რუსეთის არმიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა."- თქვა მან.

ექსპერტისვე შეფასებით, სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის პარალელურად, საქართველოს არმია ნატოს სტანდარტებთან ადაპტაციას საკმაოდ წარმატებულად გადის.

„ჩვენ ჯაველინების შესყიდვას უკვე მეორედ ვახორციელებთ. ამის პარალელურად წვრთნები საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი არმია ნატოს სტანდარტებთან საკმაოდ თავსებადია და იმაზე მეტადაც, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შენაერთები. ჩვენ ასევე ავღანეთმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიგვიტანა, ეს მიმართულება თანდათან უმჯობესდება.

„სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-ოპერატიული, სამხედრო-კომუნიკაციური და სამხედრო-თავდაცვითი მართვის მიმართულებით ადაპტირდება ჩვენი არმია ნატოს სტანდარტებთან. ამ მიმართულებებით ნატოს სტანდარტებთან საკმაოდ კარგი თავსებადობა გაგვაჩნია, ჩვენ შეაიაღების 70% და მეტიც საბჭოურიდან ნატოს სტანდარტებზე გადავიყვანეთ, რაც საკმაოდ სერიოზულია. ნატოს სრულ სტანდარტებზე გადასცვლა კი თანდათან მოხდება.

„ჩვენი თავდაცვის ძალები დასავლეთის მიმართულებით გაცილებით წინ არიან და პოლიტიკოსებს კარგ მაგალითს აძლევენ, თუ ნატოსთან რეალური ინტეგრაცია როგორ უნდა მოახდინო საქმით და არა მხოლოდ სიტყვით.

"მემგონი ისე ხდება, რომ სამთავრობო მმართველ პოლიტიკურ ძალაში ჩვენი პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ოთხი გარანტია - თავდაცვის ძალები, საგარეო საქმეთა მინისტრი, კონსტიტუცია და პრეზიდენტი, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე