რეზონანსი
(19.04.2021)


 თქვენ დიდი ადამიანები ხართ!

თქვენ დიდი სულის მატარებელი ადამიანები ხართ!

თქვენი ცხოვრება მასწავლებლობაა და ქართული სულის მსახურებაა!

იმის სწავლებაა, თუ როგორ უნდა იცხოვროს გულწრფელმა, ხალხსა და ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ადამიანმა.

როგორ უნდა სტკიოდეთ ქვეყნის ტკივილი.

როგორ უნდა უხაროდეთ ქვეყნის სიხარული.

როგორ გაათბონ შეციებული, სიცივისგან შეშინებული სულები.

ორმა დიდმა მაესტრომ ბოლო გაკვეთილიც დიდი და ვერდასავიწყარი ჩაგვიტარა ქართველებს.

აქა და აქ დამკრძალეთო...

ერთმა მის მშობლიურ მაკვანეთში, მეორემ, ჩემი შვილის გვერდითო, საბურთალოს სასაფლაოზე.

ერთს ვერ გაუბედეს ბოლო სურვილის არ შესრულება.

მეორეს გაუბედეს.

განა ვინმეს ენა მოუბრუნდება, რომელიმეზე თქვას, არ არიანო სამთაწმინდენი?!

განა ვინმეს ენა მოუბრუნდება, თქვას, რომ მათ სამარადჟამოდ არ მოიპოვეს ადგილი ჩვენი ერის ყველაზე მაღალ პანთეონში?!

სადაც მათი ძვალთშესალაგი იქნება, რომელი მიწაც მათ გულზე დაიყრება, ის მიწა ქართული და წმინდა იქნება - მათ მკერდზე დაყრილი იქცევა წმინდა მიწად.

ჩვენ კი, ერთ-ერთ მათთაგანს, დიდ მაესტროს, ბოლო სურვილი არ შევუსრულეთ.

არ შევუსრულეთ ბოლო სურვილი ჩვენ, უტვინო, უსულგულო, უწიგნურმა და გაუნათლებელმა ქართველმა ნეობოლშევიკებმა - პარტიის გენერალური ხაზის მიხედვით გადავწყვიტეთ ასე.

ვინ მოგვცა უფლება, ბოლო სურვილი შევუსწოროთ ჭეშმარიტად დიდ ქართველს?! კაცს, რომელმაც ისეთი საქმე გაუკეთა ქართულ კულტურას, ანალოგის მოძიებაც რომ გაჭირდება მსოფლიო კულტურაში.

მისი ბოლო სურვილს რომ უგულვებელვყოფდით, ვინმემ იკითხა, ცოდვას ხომ არ ჩავდივართო?!

ასეა, როცა დიდი ქართველების სამუდამო განსასვენებლის ამბავს პატარა კაცები წყვეტენ.

პატარა კაცებს ჰგონიათ, დიდი კაცები ვართო და ჭეშმარიტებას და მხოლოდ ჭეშმარიტებას ვღაღადებთო.

მათნაირმა პატარა კაცებმა მთაწმინდაზე არასამთაწმინდეც მრავლად დაფლეს და არა მარტო გასული საუკუნის ადრეულ ხანებში. აგერ ახლახან, ერთი ოჯახის ვალიდან ვერაფრით რომ ვერ ამოვედით, იმ ოჯახის მამა მთაწმინდაზე დაგვასაფლავებინეს.

იქნებ როგორმე გავაგებინოთ პატარა კაცებს, რომ მათ, უწიგნურებს და გაუნათლებლებს არ ხელეწიფებათ საზოგადო მოღვაწის, ქვეყნის გულწრფელი მოსამსახურის, საქვეყნო კაცის დადგენა-გამოვლენა და არც არავინ ავალებს გადაწყვიტონ, ვინ რაქ ზომა-წონისაა ვის სად მიუჩინონ ადგილი.

ეს ამბავი ხალხის კაცებმა, დიდმა კაცებმა, გულწრფელებმა უნდა გადაწყვიტონ და არა ზემოთ მოკალათებულებმა. მათ არავინ ავალებს - ისინი თვითონ ივალებენ.

ქვეყნის საქმის წინ წაწევას არ ივალებენ, სოფლის მეურნეობის აღორძინებას არ ივალებენ, ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფას არ ივალებენ, მშიერის დაპურებას არ ივალებენ - რაც მათი მოვალეობაა, არ ივალებენ. სწორედ იმას ივალებენ, რაც არ უნდა დაივალონ.

პირველად, ამ პრობლემამ უხიაგად მაშინ გაიჟღერა, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაკრძალვის ადგილის შერჩევაზე გააჩაღეს პოლემიკა.

ზემოთ მოკალათბულმა პატარა კაცებმა და სხვა პატარა კაცებმა ბევრი იდავეს - მთაწმინდა თუ სხვაგანო?

არადა, რა იყო გასარჩევ-საპოლემიკო?!

პრეზიდენტ გამსახურდიას დაუძინებელი მტრებიც ხვდებოდნენ, რომ ზვიადი შეუერთდა ქართველი ერის ყველაზე სუფთა და ამაღლებულ პანთეონს.

პატარა ადამიანებმა კი პოლემიკა გააჩაღეს.

მაშინ თქვა ერთმა გულიანმა ადამიანმა, მნიშვნელობა არა აქვსო, სად დაკრძალავთ ზვიადს - სადაც არ უნდა დაკრძალოთ, მისი საფლავი წმინდა ადგილად იქცევაო.

ჭეშმარიტი თქვა.

სუფთა სიმართლე თქვა.

გადაწყვიტეს მაშინ საქმე და მთაწმინდაზე მიუჩინეს ადგილი მათგან გამეტებულ სამთაწმინდეს.

კიდევ კარგი, მის მკვლელებს არ დაუჯერეს თუ ვერ დაუჯერეს...

სამთაწმინდეთა ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით. ყველას არ/ვერ ერგო იგი. ესეც იმ პატარა ადამიანების, გაუნათლებელი, უწიგნური პატარა ადამიანების ბრალია.

და, რომ არ გავიხსენო, არ შემიძლია კიდევ ერთი ამბავი - ახალი პანთეონის გახსნის ამბავი.

შორიაო, ერთმა ბრძანა. იმან, ზემოთ რომ ვახსენე და ვერ ვახსენე... სიცოცხლეში სამთაწმინდედ მიაჩნდა თავი. სიცოცხლეში გვითხრა, თქვენ ვინ ხართ, სამთაწმინდე ვარ და როგორ მიბედავთ სხვა ადგილის შემოთავაზებასო. პატარა კაცებმა შეუსრულეს ბრძანება და აამაღლეს მთწმინდამდე.

კიდევ ერთ ახალ მაგალითი რომ არ მოვიშველიო, არ შემიძლია. დათო წერედიანი სადაც დაიკრძალება, ის ადგილი იქცევა წმინდად - წმინდა კაცის გულზე დაყრილი მიწაა წმინდა...

გული მწყდება, საქართველოში არიან ადამიანები, განათლებულად და ნაკითხად რომ მოაქვთ თავი და არ იციან ვინაა დავით წერედიანი.

არ იციან, რადგან „ხვალ გაიგებს ყელი ჩემი, რას იწონის გავა ჩემი"-ო ქართული ხალხური ჰგონიათ.

და, ბოლოს, მე უკვე ეჭვი მეპარება, საქართველოს პარლამენტს თუ კიდევ რაიმე შეიძლება სთხოვო ადამიანმა.

„ერთ საშუალებას კიდევ ვცდი", გავიწყვიტავ შუბლის ძარღვს და ვთხოვ - ბატონებო, ჩამოართვით მთავრობას პანთეონებში ქართველი ერისკაცების დაკრძალვის საკითხის გადაწყვეტის უფლება და სხვას, ერისკაცების ჯგუფს გადაეცით, ან...

ან, გადაწყვიტეთ რამენაირად ეს პრობლემა!

რამდენიმე დღეში ორი დიდი კაცი, ორი ბუმბერაზი ადამიანი მოაკლდა მიწიერ საქართველოს და მარადისობას შეუერთდა. და, მე მეშინია, უფალმა ჩვენი ცოდვების საკადრისად არ დაგვიპიროს დასჯა და არ იკითხოს, ათი მართლი კაცი თუ იქნება, არ გადავბუგავო.

რას ვპასუხობთ?!

იმედია, კიდევ ცოტა ხანს არ იკითხავს - მერე კი...

მერე კი, დაიზრდებიან!...

მერაბის გულზე, ზვიადის სულზე, გურამ დოჩანაშვილის ხმალივით მოქნეულ სიტყვაზე, ანზორ ერქომაიშვილის ნამღერ სიტყვაზე დაიზრდებიან და, ათი და ასი კი არა, ათასები და ათიათასები იქნებიან, მართალი კაცები! ისინი არათუ გადაგვარჩენენ ღვთის რისხვას, ქვეყანას წასწევენ წინ - მრავალი რომ შემოგვნატრებს, ისეთ ქვეყანად აქცევენ.

ისეთ ქვეყანად აქცევენ, ჩვენი ახლო და შორეული მეზობლები თავიანთ ენაზე „კარგს", ლამაზს", „აღმატებულს" ქართველებივით „საუცხოოს" კი არ დაუძახებენ, „საქართველოაო" იტყვიან.

დიახ, დაიზრდებიან, თუ ზემოთნახსენები პატარა კაცები ხელს არ შეუშლიან მათ დაზრდას...

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!

გმადლობთ დიდო ქართველებო - ნათელში გამყოფოთ უფალმა!

 

სოლომონ ნერგაძე

მოლეკულური ბიოლოგიის ას.-პროფესორი,

პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

2021 წლის 2-14 აპრილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე