
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. ავარია სამეგრელოში პარასკევს, 17 ივლისს, ჩხორია-ლიას საავტომობილო გზაზე მოხდა. მანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მანქანაში მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ, 35 წლის მალვინა გულუამ მიიღო. მალვინა უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მანქანაში მყოფი სხვა მგზავრები გადარჩნენ, მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილი გოგონას ძმა იჯდა, მძღოლის გვერდზე იყო მისი და, მალვინა გულუა, მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იყო, მათი ბიცოლა და ორი მეზობელი გოგონა.
"შევესწარი ამ ავარიას. ძალიან განვიცადე, ავარია უკვე მომხდარი იყო მე რომ იქ აღმოვჩნდი. სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში. 4 გოგო და ერთი ბიჭი, მძღოლი გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო. მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო. მე რომ მივედი 2 გოგო უკვე მოშორებით იყო, გადმოყვანილი ჰყავდათ და ხალხი ეხმარებოდა. ერთი ქალბატონი საშუალო ასაკის, მანქანის ერთ კართან იჯდა, აგონიაშია იყო, არც საუბრობდა, დანარჩენი ორი კონტაქტზე იყვნენ, ხოლო ის გარდაცვლილი გოგონა იწვა უგონო მდგომარეობაში, ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალს ძლივს ახელდა.
ძალიან მეცოდება ყველა, განსაკუთრებით ის ძმა, მისი ქცევა თვალებიდან არ ამომდის, ისე განიცდიდა ამ ყველაფერს, განადგურებული იყო. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, როგორც გავიგე, მანქანა მოუცურდათ და ამოყირავდა. შეჯახებით არაფერს არ დაჯახებია, ვერ მივხვდით ასე რანაირად დაემართათ", - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მალვინა გულუა აფხაზეთში, კერძოდ ტყვარჩელში იყო გათხოვილი, მას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგ ზუგდიდში, ბიძის სახლში გადაასვენეს.
"აფხაზეთში იყო გათხოვილი, ორი შვილი დარჩა, გოგო და ბიჭი. ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ მოხდა ეს დიდი ტრაგედია. როგორც სხვებისგან გავიგე, მალვინა იჯდა წინ, ამბობენ ღვედი ეკეთაო, მანქანა რომ გადაბრუნდა, სხვები გადმოვარდნენ მანქანიდან და ეს საცოდავი გოგო ვერ გადმოვიდა. ღვედმა არ გაუშვა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
მალვინა ტყვარჩელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ზუგდიდში მიდიოდნენ და მაშინ დატრიალდა ეს უბედურება. იმედი მქონდა გადარჩებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ ექიმები. სიტყვები უძლურია, ყველა განვიცდით”, - ამბობს ოჯახის ნათესავი.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



