
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარის საგარეო უწყების განცხადებით, შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში მაღალი დონის პირველი შეხვედრა დაიწყო, რომელშიც აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს, კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ყოვლისმომცველი და მუდმივი შეთანხმების გაფორმებას გამოიწვევს, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა ასპექტს გაითვალისწინებს", - ნათქვამია კატარის საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე, განცხადების თანახმად, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საბოლოო შეთანხმების დებულებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.
ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



