რეზონანსი
(15.06.2026)

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და „ისლამაბადის მემორანდუმის“ ოფიციალური ხელმოწერა შვეიცარიაში პარასკევს შედგება“, - განუცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო მედიასაშუალებებს.

„ჩვენი ვალდებულებები ძალაში პარასკევიდან შევა“, - ხაზგასმით აღნიშნა ღარიბაბადიმ.

„ადგილობრივი დროით, დღეს დილიდანვე დაუყოვნებლივ ამოქმედდება ორი საკითხი“, - განმარტა მან. „პირველი, ომის მუდმივი და დაუყოვნებლივი შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. მეორე, იმ საზღვაო ბლოკადის მოხსნა და გაუქმება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას დაუწესა“, - დასძინა მან.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ ნავთობის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო. "ბრენტის" მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე 83.18 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ადგილობრივი ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და 80.13-ზე დოლარზე ჩამოვიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება ირანთან. ვულოცავ ამას ყველას! ახლა მე გავცემ ბრძანებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს აშშ-ის მიერ განხორციელებული საზღვაო ბლოკადა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში Truth Social.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე