თამთა ჩაჩანიძე
(26.04.2026)

„ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული აშშ-ის დელეგაციის ვიზიტისა და ე.წ. სიურპრიზის დრო იწურება, ეს კი ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკის ახალ საფუძველს აძლევს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ, ეჭვქვეშ დააყენებდა და არ არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტის მაისამდე გადაიდო.

თვის დასაწყისში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „აპრილი დასახელდა პერიოდად, როცა სხვადასხვა შეხვედრები გაიმართება და ასევე იქნება საინტერესო სიახლეები".

4 აპრილს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ „ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები".

უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმაც თქვა, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ზარის შემდეგ „ფრთხილი მოლოდინი გაჩნდა".

რუბიომ კობახიძეს 30 მარტს დაურეკა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი 23 აპრილს განაცხადა, რომ საუბრის შინაარსზე ვერაფერს მოყვება, რადგან „ეს იყო დახურული ზარი", მისი თქმით, ჰქონდათ „ძალიან ჯანსაღი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით" და „დანარჩენს დაველოდოთ".

დაანონსებული „სიურპრიზის" დრო იწურება

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ვიზიტი უბრალოდ გადაიდო და აშშ-ის დელეგაცია მაისში ჩამოვიდეს.

„დარჩენილ დროში შეიძლება ჩამოვიდნენ და შეიძლება არც. აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება, რაც საქართველოს საკითხზე პრიორიტეტულია და შესაძლოა ამ ეტაპზე საქართველოსთვის უბრალოდ ვერ მოიცალეს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ისინი მაშინ ჩამოვლენ, როცა ეს აშშ-სთვის ყველაზე მეტად სასარგებლო და შედეგიანი იქნება, უპირველეს ყოვლისა ამერიკის იმტერესებიდან გამოდიან და არა იქიდან, თუ რა სურს ქართულ მხარეს".

„ვიზიტი შეიძლება მაისშიც იყოს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ისინი აკვირდებიან აქ რა განცხადებები კეთდება, როგორც იქცევიან ოპოზიცია და ხელისუფლება, რა ნაბიჯები იდგმება კონკრეტულად იმ შეხვედრების შემდეგ, რაც აშშ-ში საქართველოს დელეგაციას ჰქონდა და ალბათ ამ ვიზიტის მიზანშეწონილობას ამის მიხედვით განსაზღვრავენ.

„ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აშშ-მა საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გადადო. ოფიციალურ განცხადებაში ჩაწერეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სწავლების ჩასატარებლად ახლა საუკეთესო დრო არააო.

„ისინი მაშინ ჩამოვლენ, როცა ეს აშშ-სთვის ყველაზე მეტად სასარგებლო და შედეგიანი იქნება, უპირველეს ყოვლისა ამერიკის იმტერესებიდან გამოდიან და არა იქიდან, თუ რა სურს ქართულ მხარეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე აზრით, თუ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი აპრილში არ შედგა, ამას ოპოზიცია „ხელიდან არ გაუშვებს".

„ამას ხელიდან როგორ გაუშვებენ... იტყვიან, რომ ხალხი დაპირებებით გააბრუეს და ვიზიტი არ შედგა. დავაკვირდი, რომ დასავლეთთან „ქართული ოცნების" ნებისმიერი, თუნდაც ხანმოკლე კონტაქტი, ოპოზიციაში დიდ შფოთვას იწვევს. ამით ის ნარატივი ინგრევა, რასაც ამკვიდრებდნენ - რომ საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. როცა საქართველოს ოფიციალური პირი აშშ-ევროპის რომელიმე ლიდერს ხვდება, თუნდაც ხელის ჩამორთმევის დინეზე და მოლაპარალებებს მართავენ,ეს ოპოზიციაში ეჭვს იწვევს - „ოცნებას" და დასავლეთს შორის რაღაც გარიგება ხომ არ მოხდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" კავშირებს ეძებს და არაა გამორიცხული ქართულ დელეგაციას ვაშინტონში ვიზიტისას ვინმე დაეპატიჟა აპრილში და მათაც დიპლომატიურად თანხმობით უპასუხეს.

„მაისშიც რომ იყოს, იტყვიან, რომ აპრილის ვიზიტი ახლა ჩატარდაო, იხტიბარს არ გაიტეხენ. დიდი ტრაგედიაც არ იქნება, თუ ის რაღაც ვიზიტი ივნისშიც შედგება. რაღაც ჯგუფი რომ იყო აშშ-ში, ვფიქრობ იქ იქნებოდა საუბარი, რომ კარგი იქნება თუ ჩამობრძანდებითო. იქიდან ხომ არ იტყოდნენ „არ ჩამოვალთო" და ზოგადად უპასუხეს, რაც დიპლომატიაში ჩვეულებრივი ამბავია. „წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო" და დიპლომატიური თანხმობა „ოცნებაში" დადასტურებულ თანხმობათ ჩათვალეს.

„ამით კიდევ ერთხელ გამოვლიდნა, რომ „ოცნება" გარკვეულ კავშირებს ეძებს, რათა თავისი ამომრჩევლის წინაშე ილუზია შექმნას, რომ თითქოს ამერიკა ელაპარაკება. რეალურად მათ არა აშშ, არამედ ამომრჩეველი ადარდებთ. არადა სამხრეთ კავკასიის ცენტრი უკვე ბაქო ხდება და საქართველო თითქოს რუკაზე არ არსებობს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეიცვალა თუ არა პოზიტიური მოლოდინი

კითხვაზე, ამ პერიოდში ისეთი რამ ხომ არ მოხდა, რამაც გავლენა იქონია პროცესებზე და „ოცნების" პოზიტიური მოლოდინი უარყოფითისკენ შეიცვალა, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„არ მანხსენდება რაიმე მნიშვნელოვანი და კრიტიკული, რომ ამის გამოც ამერიკელებს შესაძლოა ვიზიტისგან თავი შეეკავებინათ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიახლეები იქნებაო. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ანაკლიის პირტი და ჩინეთის შესაძლო შემოსვლა ერთ-ერთი ის საკითხია, რაც დღემდე სადისკუსიო თემაა ვაშინგტონსა და თბილისს შორის.

„გარდა ამისა სხვა საკითხებიცაა. შესაძლოა ირანის საკითთან დაკავშირებითაც არის რაღაც წინასწარ დახურული კონსულტაციები, თუ რა შეუძლია საქართველოს ისეთი გააკეთოს, რომ აშშ-ს თავისი მიზნების რეალიზებაში დაეხმაროს. საკითხების ჩამონათვალი არის, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ ინფორმაციას ამ მხრივ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რა ხდება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „რა დროს საქართველოა... აგერ აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში გაფრინდა და ირანელები არ შეხვდნენ... ახლა ტრამპზე მოხდა თავდასხმა და საქართველო მილიონ პირველი თემაც კი არაა".

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აშშ-ს ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები აქვს და საქართველოს საკითხი მათ შორის არაა.

„შეიძლება რაღაც მოხდა, არ ვიცი, მაგრამ უფრო არ მგონია. არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა, ყველაფერი ძველებურადაა - ჭაობი განაგრძობს ჭაობობას, ანუ არაფერი არ იცვლება. რა დროს საქართველოა, აგერ აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში გაფრინდა და ირანელები არ შეხვდნენ. აშშ-ს მილიონი სხვა საქმე აქვს, ახლა ტრამპზე მოხდა თავდასხმა და საქართველო მილიონ პირველი თემაც კი არაა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე