მარიამ ვეკუა
(26.04.2026)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. გაიმართა საუბარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაზე, გაფორმდა ექვსი ახალი შეთანხმება და უკრაინის პრეზიდენტმა აზერბაიჯანი რუსეთთან შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმად დაასახელა. რა ახალ გეოპოლიტიკურ კონტურებს ხაზავს კიევი ბაქოსთან ერთად?

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 აპრილს აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემები უსაფრთხოება და ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო.

ალიევმა უკრაინის ლიდერს გაბალაში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვადასხვა სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ექვს შეთანხმებას.

„მოხდა მოსაზრებების გაცვლა სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში ასევე გვაქვს დიდი პერსპექტივები. როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრინაში ვითარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა ერთობლივი წარმოებისათვის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლი პრესკონფერენციაზე.

  •  ვოლოდიმირ ზელენსკი: აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის... მზად ვართ ასეთი მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„დღეს ვესაუბრე ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფებიან. ისინი მხარს უჭერენ ჩვენს კოლეგებს. ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას და ერთობლივ წარმოებას", - განაცხადა ზელენსკიმ.

აზერბაიჯანში ვიზიტს წინ, 24 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, რაც კიევის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზანდ ისახავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და დრონების ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. ზელენსკიმ მანამდე მიანიშნა, რომ უკრაინა მსგავსი გარიგების სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გაფორმებითაც დაინტერესებულია.

მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ აზერბაიჯანში წინასწარ გაგზავნა სამხედრო სპეციალისტების ჯგუფი გამოცდილების გასაზიარებლად, რომლებმაც ზელენსკის ალიევთან მოლაპარაკებების დაწყებამდე წარუდგინეს ანგარიში.

  • ილჰამ ალიევი: „როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრინაში ვითარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა ერთობლივი წარმოებისათვის".

ვიზიტის დროს ზელენსკიმ ალიევს ომის დროს გაწეული ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, ენერგეტიკული დახმარების 11 პაკეტისთვის, მადლობა გადაუხადა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, უკრაინის ლიდერმა მზადყოფნაც გამოთქვა, რომ „თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება", მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდეს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს, როგორც შუამავლებისა ამ პროცესში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკება ჩავატარეთ თურქეთში, ამერიკელ პარტნიორებთან - შვეიცარიაში. მზად ვართ ასეთი მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს", - თქვა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ალიევმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის არსებულ გრძელვადიან ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებსაც.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ სავაჭრო ბრუნვა, რომელიც გაზრდას საჭიროებს. ის 500 მილიონ დოლარზე მეტია და მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს, რადგან ამისათვის ყველა შესაძლებლობა გვაქვს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე