
ფრაქცია „საქართველოსთვის" ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, ნათია თურნავას, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძისა და „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის დაბარებას გეგმავს.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ამ სამი სამსახურის ხელმძღვანელის დაბარება სრულყოფილი სურათისთვის არის აუცილებელი, რასაც მხოლოდ ბიზნესსექტორთან საუბარი ვერ განაპირობებს.
შარაშიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისიას ხვალ, წერილობით მიმართავენ.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კომისია არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ბიზნესთან კომუნიკაციით. ამ დრომდე მხოლოდ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების დაბარება და მათგან გარკვეული ინფორმაციის მიღება მოხდა - კომისიას ჯერჯერობით სხვა არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, ეს რომ იყოს სრულყოფილი სურათი, აუცილებელია ისეთი უწყებების დაბარება, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები ამ პრობლემაზე. ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, კონკურენციის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი არის კონკურენციის სააგენტო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო და სტატისტიკის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ არის რაღაცა ტიპის მანიპულაცია სტატისტიკაში, შესაბამისად სურათიც იცვლება. აი ჩვენი აზრით, ეს სამი სამსახური არის პრიორიტეტული, რომლის დაბარების გარეშეც კომისიამ რა დასკვნაც არ უნდა დადოს, იქნება არასრულყოფილი, რადგან მხოლოდ ბიზნესიდან მიღებულ ინფორმაციას მოიცავს და ამ დროს პასუხისმგებელი, ძირითადად, არის სახელმწიფო.
მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება თავის ეროვნული ბანკით, მთავრობით, კონკურენციის სააგენტოთი და ა.შ. ბიზნესს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და შესაძლებელია იყოს გარკვეული გარიგებები. თუ არის ეს გარიგებები, ამაზე პირდაპირ კონკურენციის სააგენტომ უნდა გვესაუბროს. ბიზნესი თვითონ ხომ არ იტყვის ამას, რომ გარიგება გვაქვს ერთმანეთშიო? ამიტომ არსებობს კონკურენციის სააგენტო.
ჩამოთვლილი სამი სამსახურის ხელმძღვანელ პირებს ვიბარებთ, რადგან ისეთი მნიშვნელობის საკითხია, რომ ოპერატიულ დონეზე არ შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ საუბარი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომისიისთვის მიმართული აქვთ სიტყვიერად და წერილობით უკვე ხვალ მიმართავენ.
„კომისიას წერილობით მივმართავთ, რომ მოხდეს დაბარება და თუ არ დაიბარებენ, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ფასების ზრდაზეა საუბარი.
ჯერჯერობით მიმართული გვაქვს სიტყვიერად, რამდენჯერმე კომისიის სხდომაზე და ხვალ უკვე წერილობითაც მივმართავთ", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



