
ენმ-ის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადების შემდეგ, იყო ვარაუდი, რომ პარტია ოპოზიციურ ალიანსს დატოვებდა, თუმცა დღეს „ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ „არსად გასვლას და გაბუტვას" არ აპირებენ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა პროცესს პირიქით „კარგად წაადგება". ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიხვდნენ, რომ ალიანსიდან გასვლა მათთვის უფრო მეტად საზიანო იქნებოდა.
„ჩვენ არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ, ყველაფერი კარგად იქნება, ნურავინ ინერვიულებს, „ქოცებს" ტყუილად ნუ უხარიათ", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი „პალიტრანიუსთან".
თუმცა, ამასთანავე, პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ „ოპოზიციის ალიანსი" ვერ იქნება „ანტი-მიშა ალიანსი", თუ ასეთად გადაიქცევა, იქ ენმ-ს ადგილი იქ არ არის.
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ, როგორც ჩანს, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან გაიარა კონსულტაცია გადაწყვეტილების თაობაზე.
„ვფიქრობ, პარტიაში ყველაფერი აწონ-დაწონეს და მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე ალიანსიდან გასვლა მათთვის უფრო მეტად საზიანო იქნებოდა, ვიდრე სარგებლის მომტანი. როგორც ჩანს, სააკაშვილთნაც გაიარეს კონსულტაციები, გადაწყვიტეს ამბიციები ოდნავ დაეოკებინათ და ე.წ. ჩამშლელის როლში არ გამოსულიყვნენ. ამ საკითხს რა კუთხითაც არუნდა შევხედოთ, ასეთი გადაწყვეტილება ძირითადად მხოლოდ ენმ-სა და პირადად სააკაშვილს დააზიანებდა, რადგან გამოვიდოდა ისე, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ხისტი გამოხდომები გახდა ალიანსის დაშლის მიზეზი და ეს კიდევ მათ ამ ეტაპზე არანაირად არ აწყობდათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შიგნით მოგვარდნენ და ეს პროცესი ხელმეორედ არ წარმოიშვება, ხანძარი ჩაქრა, მაგრამ მუგუზლები ღვივის."
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც „ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან განახლებულ სარჩელში ასაკრძალ პარტიათა სიას „ფედერალისტები" დაამატა, შიდა კრიტიკისა და იმის ფონზე, თუ ალიანსი არც არჩევნებში არ შევა, რა პერსპექტივა აქვს ალიანსს, ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ერთი პირიოვნების განცხადებას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან არჩევნებში მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც მთლიანად ალიანსმა უნდა მიიღოს. თუ არჩევნებში არ მონაწილეობ, მაშინ საერთოდ რისთვის არსებობ (ალიანსად), ანუ ქუჩაა შენი ასპარეზი? ხომ ხედავენ იმასაც, რომ არც ქუჩაში გამოსდით რამე ისეთი სერიოზული, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეცვალონ.
„სიმართლე გითხრათ, ამ ალიანსს მაინცდამაინც ისეთ ოპტიმისტურ მომავალს არ ვუწინასწარმეტყველებ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მათ არჩევნებამდე ვერც მიაღწიონ იმ ფორმით, რა ფორმითაც არიან. რომც მიაღწიონ და ეს ერთობა შეინარჩუნონ, საზოგადოების უმრავლესობამ ხომ ძალიან კარგად იცის, ისინი ვინ არიან, მათი ლიდერების ბიოგრაფიებს და მათ მიერ ნაკეთებ საქმეებს კარგად იცნობს. შესაბამისად, თუ არჩევნებამდე მივიდნენ და მონაწილეობა მიიღეს, შეიძლება იმაზე უფრო უარესი შედეგი მიიღონ, რაც წინა არჩევნებზე იყო. რეპუტაციულად ისედაც დაზიანებულები იყვნენ და ბოლოდროინდელი მათი კინკლაობით პოლიტიკურად კიდევ უფრო გაიუარესეს საქმე."
- ზაალ ანჯაფარიძე: „მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე ალიანსიდან გასვლა მათთვის უფრო მეტად საზიანო იქნებოდა ... თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შიგნით მოგვარდნენ. ხანძარი ჩაქრა, მაგრამ მუგუზლები ღვივის"
ანჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებაზე. ხვიჩიამ „ტვ პირველზე" ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან თქვა, რომ ნიკა გვარამიას ხელით განადგურდა „ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური ინფრასტრუქტურა.
ხვიჩიას თქმით:,„წელიწადში საშუალოდ 25 მილიონი ლარი, რომელიც ამ ბოიკოტის და პარლამენტის უარყოფის შედეგად მიიღო ზიანი ოპოზიციამ, ეს ხომ ოპოზიციის ინფრასტრუქტურის ბოლომდე განადგურებას ნიშნავს? გვარამიას ხელით განადგურდა „ნაციონალური მოძრაობა", განადგურდა მისი ყველა უჯრედი... ყოჩაღ (გვარამიას) როგორც ბიძინას თანამშრომელს... თქვენ ჟურნალისტებს რომ ჭკუას გასწავლით გვარამია, ხომ იყო რამდენიმე დღის წინ აქ? ჭკუას გასწავლოთ ადამიანი, რომელმაც ოპოზიციური ინფრასტრუქტურა დაანგრია და ახლაც ანგრევს... გვარამია ჩემთან (დებატებში) არ დაჯდება ეთერში, მანამდე მას სათქმელი აქვს ფული საიდან, ამ ქვეყანაში 40 მილიონი საიდან? ხომ იცით ამ ქვეყანაში როგორაა პოლიტიკური ფული დაბლოკილი, მე რომ ერთი ზედმეტი თეთრი გამიჩნდეს, რომელსაც ვერ დავასაბუთებ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ჰოდა 40 მილიონი დახარჯა იმ კაცმა... 10 მილიონი იყოს არ აქვს მნიშვნელობა."
ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ს ამომრჩეველი წაართვა ყველა იმ ძალამ, რომელიც ამ პარიიდან გავიდა და ცალკე პარტიად ჩამოყალიბდა.
„ამ ფულის წარმომავლობის თაობაზე, არ ვიცი, ალბათ ხვიჩიას თავის წყაროებიდან აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე ვსაუბრობთ და თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის, ესაა გიგა ბოკერია და მანამდე ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძე, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან" წამოვიდნენ და თავიანთი მომხრეები წამოიყვანეს. მართალია მათ სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ენმ-ს გარკვეული ზიანი მიაყენეს.
„რაც შეეხება გვარამიას ფულს, თუ ის 40 მილიონი დადასტურებული თანხაა, ამაზე აუდიტის სამსახურმა უნდა იზრუნოს, რომელიც პარტიების შემოსავლებს აკონტრილებს და თუ ეს თანხა დეკლარირებული არაა და არ არის ოფიციალური წყაროებით მიღებული, მაშინ შესაძლოა, რომ პარტიის მიმართ საქმე გაიხსნას და აბსოლუტურად კანონიერად ამ თანხის წარმომავლობაზე მათ პასუხი მოსთხოვონ.
„როდესაც გვარამიამ და მელიამ მოძრაობა „ახალი" შექმნეს, მათაც მიაყენეს „ნაცმოძრაობას" თავიანთი წილი ზიანი. ფაქტია, რომ ამომრჩეველი მათაც წაართვეს - 2024 წლის არჩევნებე ვნახეთ, რომ გაასწრეს კიდევაც ენმ-ს მაჩვენებელს, ოდნავ უფრო მეტი აიღეს, ანუ ფაქტიურად ამომრჩეველი წაართვეს და ზიანზე თუ ვლაპარაკობთ, ზიანი სწორედ ესაა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



