ნატალია ჯვარიძე
(24.04.2026)

უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ პაკეტი გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, რაც უკრაინისთვის აუცილებელი იყო. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციების 20-ე პაკეტი დაუმტკიცა და უმალ 21-ზე დაიწყო მუშაობა.

23-24 აპირლს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართა. სამიტის ფარგლებში ლიდერები ირანსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ასევე ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა გაუძღვა. სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება.

„უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები", - წერს ზელენსკი „იქსზე".

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს, რომ დახმარების პირველი ტრანში ხელმისაწვდომი მაისში ან ივნისში გახდეს.

„ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს", - აცხადებს ზელენსკი.

  • ვახტანგ მაისაია: „რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა. ყველა ელოდება იმას, თუ რა მოხდება ზაფხულში. მგონი, კრემლი მობილიზაციას აპირებს და ზაფხულში ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს"

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა ასევე მუშაობა დაიწყეს სანქციების 21-ე პაკეტზე.

„პირველ რიგში, კარგი ამბავი უკრაინის შესახებ: 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელიც დავამტკიცეთ და ასევე სანქციების მე-20 პაკეტი. ახლა ასევე ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით.

ლიდერები მართლაც აქტიურად ცდილობდნენ სანქციების 21-ე პაკეტის გაგრძელებას. ეს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ისინი ვერ გადაგვწონიან. ეს ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ უკრაინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას", - აღნიშნა კალასმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, აღნიშნული სესხი უკრაინის წინააღმდეგობას რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაზრდის. მისი თქმით, ყველა ზაფხულს ელოდება, რადგან მოსალოდნელია რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეტევები განახორციელოს.

„ზელენსკი აბსოლუტურად სწორია იმაში, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 90 მილიარდი ევრო საკმაოდ სერიოზული თანხაა. ფაქტობრივად, უკრაინის ბიუჯეტი ორჯერ რომ ავიღოთ, იმხელა თანხაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო ამის გაკეთება. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგობას რუსეთის მიმართ.

რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა. ყველა ელოდება იმას, თუ რა მოხდება ზაფხულში. მგონი, კრემლი მობილიზაციას აპირებს და ზაფხულში ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე