რეზონანსი
(24.04.2026)

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი აქციონერის და სკანდალურად გადაყენებული დირექტორის, ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის ქმედებებთან დაკავშირებით,  სისხლის სამართლის ხაზით, უკვე ორ საქმეზეა გამოძიებაა დაწყებული. რაც ყველაზე საინტერესოა, ერთი ბრიტანეთის იურისდიქციაშია, ხოლო მეორეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ. თავად ფაქტი, რომ დავით ცეცხლაძის მიერ მასთან ბიზნეს დავაში მყოფი მხარის წარმომადგენლთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ზიანის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის ორი გამოძიება წარმოებს, უაღრესად საშიში, სახიფათო და დამაფიქრებელია", - აცხადებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. 

გიორგი კაპანაძის თქმით, ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის ქმედებები, ფიზიკურ და ელექტრონულ გარემოში, სამწუხაროდ, კრიმინალურ შეფერილობას იძენს. კაპანაძის მოსაზრებით, ის რაც დავით ცეცხლაძის მხრიდან იკვეთება, ძალიან შორსაა ბიზნესდავის წარმოების ეთიკისგან და საზოგადოდ, ეთიკისგან და უფრო რეციდივულ ხასიათს ატარებს.

"საჯარო წყაროებში გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის ბოლოს ბრიტანეთის ავიახაზების რეისზე (თბილისი - ლონდონი) მომხდარ ინცინდენტს, როგორც ბორტზე მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას,  ბრიტანეთის ავიახაზები იძიებს. საქმე ეხება ფრენის დროს, მეუღლესთან, ნათია ჯანაშიასთან ერთად და მათივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, დავით ცეცხლაძის მიერ "საქართველოს კაპიტალისა" და "საქართველოს განათლების ჯგუფის" მენეჯმენტის წევრებისადმი მიყენებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

მეორე ასეთივე ძალადობრივი ხასიათის ინციდენტი, დაფიქსირდა ახლახანს, 2026 წლის 13 მარტს გამართულ "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე, სადაც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართ, მათ შორის ფეხმძიმე ქალის მიმართ, დავით ცეცხლაძის მხრიდან განხორციელებული ქმედებების ფაქტზე წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციის მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით  – მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე", - ამბობს კაპანაძე. 

მისი განცხადებით, ძალადობის ეს უკვე რეციდივად ქცეული შემთხვევები სულ უფრო საშიშ ხასიათს იძენს. 

"მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაქცია და სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, რაც დამატებითი ბარიერია ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან მოსალოდნელი კრიმინალური საქციელის სამომავლოდ განმეორებისთვის", - დასძენს კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე