მარიამ ვეკუა
(23.04.2026)

ოპოზიციური ალიანსი შექმნიდან 52-ე დღეს დაშლის ზღვარზე აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღიად იმუქრება გაერთიანების დატოვებით. ალიანსის ზოგიერთი წევრი კი ფიქრობს, რომ ენმ-ს გაერთიანებიდან გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

ყველაფერი 18 აპრილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქში" გამოქვეყნებული განცხადებიდან დაიწყო, სადაც მან ოპოზიციური ალიანსი უმოქმედობაში დაადანაშაულა: „ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და „ფეისბუქის" კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე".

ამასთან, ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის ზოგიერთი შეფასება ალიანსის კონკრეტულ ლიდერებზე, პირველ რიგში კი „კოალიცია ცვლილებებისათვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმად აღიქვა. საპასუხოდ ალიანსში შემავალმა დანარჩენმა 8 პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა, სადაც საუბარი იყო „კონფრონტაციული განცხადებებისგან თავის შეკავების" აუცილებლობაზე.

ამის მოჰყვა ექსპრეზიდენტის ახალი განცხადება იმის შესახებ, რომ „ძალიან აფასებს ნიკა მელიას". კონფლიქტი თითქოს ამით ამოიწურა, თუმცა ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა 23 აპრილს.

„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ენმ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც „ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს".

„ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მწყობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში". ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

  • თინა ბოკუჩავა: „როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე".

„გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ენმ-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს ალიანსის დატოვება.

„ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, „ოპოზიციის ალიანსიდან" გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ხმაურია.

„ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არა მხოლოდ მიშასი, „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ „ალიანსიდან" გასვლის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული", - თქვა ჯაფარიძემ ხუთშაბათს „ტვ პირველის" ეთერში.

„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ გაერთიანება ერთობლივად შეთანხმებული წესების მიხედვით მოქმედებს, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს, ხოლო ვინც არ დაემორჩილება, მას ალიანსი დაუპირისპირდება:

„ხომ ნახეთ, დღეს არ იყვნენ. მათი საქმეა, შეთანხმებას არაფერი ემუქრება, 8 პარტია ვრჩებით შეთანხმების ერთგულნი.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" შიდა არეულობას, რომელთაც ვერ გაურკვევიათ ეს შეთანხმება, ხელი რასაც მოაწერეს, შეთანხმებაა თუ „ლუზერების" ფორმულა, თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში".

  • ზურაბ ჯაფარიძე: „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, ოპოზიციის ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ხმაურია."

ხუთშაბათს, დღის ბოლოს სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ის წერს, რომ არანაირ დემარშს არ აპირებს, თუმცა ასევე არ აპირებს ვინმესთვის „ენის მოჩლექვას".

„არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.

„დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს. ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა. არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას", - წერს სააკაშვილი.

  • მიხეილ სააკაშვილი: „აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო... არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-მ ალიანსი მართლაც დატოვოს.

„თუ სხვა ოპოზიციიური პარტიები მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას გააგრძელებენ, შესაძლებელია „ნაცმოძრაობა" ოპოზიციას გამოეყოს. თუ მოგვარდებიან და განაცხადებენ, რომ მთავარი მტერი და პრობლემა „ოცნებაა", მაშინ „ნაცმოძრაობა" არ გამოეყოფა", - განაცხადა ჩიტაძემ.

მისი აზრით, „ნაცმოძრაობის" გასვლა ალიანსისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება, თუმცა ეს, სავარაუდოდ, ამ გაერთიანების დაშლას არ გამოიწვევს.

„თუ „ნაცმოძრაობა" ალიანსს დატოვებს, ეს ოპოზიციური ალიანსისთვის დიდი დანაკარგი იქნება. ყველა შემთხვევაში საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა, ორივე მხარემ უნდა გადადგას ურთიერთკომპრომისული ნაბიჯები. ვთქვათ, „ნაცნოძრაობამ" უნდა აღიაროს ერთიანობის აუცილებლობა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კი მაინც თავი უნდა შეიკავონ სააკაშვილის კრიტიკისგან. განცხადება გააკეთა ადამიანმა, მას თავის პოზიცია გააჩნია. შესაძლებელია დააფიქსირო საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ეს დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს.

„არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ალიანსის დაშლა გამოიწვიოს, თუმცა „ნაცმოძრაობას" მაღალი რეიტინგი აქვს და შესაბამისად, თუ „ნაცმოძრაობა" გამოეყოფა, ეს სამწუხარო იქნება", - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე