
„უცხო ქვეყნის" სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთი ადამიანი დააკავა და კიდევ ორზე ძებნა გამოაცხადა. ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ისინი, თუმცა, „რუსთავი 2" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუბარია რუსეთზე და ამ ინფორმაციის გავრცელებას სუს-ის ოფიციალური უარყოფა არ მოჰყოლია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შესაძლოა „ოცნების" საგარეო პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებდეს.
ეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ყოფნის პერიოდში პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავების ფაქტი საჯაროდ გახმაურდა. ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პირველ რიგში არის პოლიტიკური გზავნილი დასავლეთისთვის.
სუს-ის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, უწყების ცნობით, ანალოგიურ დანაშაულში მხილებულია 2 მოქალაქე.
უწყების ცნობით, აღნიშნული ორი მოქალაქე ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ და მათზე ინტერპოლით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სუს-ის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება. საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე, აღნიშნული ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა.
„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია, საქართველოს 2 მოქალაქე, რომლების გადაბირებულ იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას. საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალური სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაკავებულს ჯაშუშობისთვის ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა 2 პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ იგივე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ.
- პაატა ზაქარეიშვილი: „როგორც ჩანს, ცდილობენ ამერკელებთან ურთიერთობები დაალაგონ და აჩვენონ - აი, ამ მიმართულებით ჩვენც რაღაც ნაბიჯებს ვდგამთო."
სუს-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსაუხრების სასარგებლო ჯაშუშობაზეა საუბარი. თუმცა, მოგვაინებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-"მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაზე.
კოფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს დასავლეთის ყურადღება მიიპყროს.
„ეს „ქართული ოცნების" პოლიტიკაში რაღაც გარკვეულ ცვლილებს თუ არა, იმას მიანიშნებს, რომ რაღაც მოძრაობები მიდის. როგორც ჩანს, ცდილობენ ამერკელებთან ურთიერთობები დაალაგონ და აჩვენონ - აი, ამ მიმართულებით ჩვენც რაღაც ნაბიჯებს ვდგამთო. მგონი ეს მოძრაობაა, რომლითაც დასავლეთის ყურადღებას იპყრობენ. აქამდე ეს ვერ გააკეთეს და სავარაუდოდ, ახლა ცდილობენ როგორც ამერიკას, ისე ევროკავშირს დაანახონ, რომ მხოლოდ დასავლეთს არ ებრძვიან და თუ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგაც გადადგამენ ნაბიჯს. ანუ, ვითომ მათი პოლიტიკა ობიექტურია ყველას მიმართ.
„თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თამაშია და მათ სერიოზული მიუღებლობა აქვთ ამერიკისა და ევროპის მიმართ. რუსეთის თემებით მანიპულირებენ, რომ აჩვენონ, რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ. თუ მართლა ასეა, მაშინ უნდა აჩვენონ ეს ჯაშუშები რა საფრთხეებს უქმნიდნენ, რაში გამოიხატებოდა მათი ჯაშუშობა. ჯაშუში მიაწერო ადამიანს, რომელიც აღიარებს, ეს საკმარისი არ არის. უნდა დაადასტურო. ამიტომ ვფიქრობ, რომ თამაშს აქვს ადგილი და მეტს არაფერს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



