
უკვე მეოთხე დღეა შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე რუსეთის ქალაქ ტუაფსეში, უკრაინული საბრძოლო დრონების დარტყმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის ტერმინალი იწვის. ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მომწამლავი ნივთიერებების შემცველი შავი კვამლი კი ქარს სამხრეთით, საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებისკენ მოაქვს. რუსი სპეციალისტების ცნობით, 22 აპრილისთვის სახიფათო ნივთიერებების შემცველი სმოგი უკვე უშალოდ საქართველოს საზღვართან, ქალაქ სოჭამდე იყო მოსული. ქართველი ეკოლოგების შეფასებით, საფრთხე რეალურია და ეს შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე „შავი წვიმის" სახით გამოვლინდეს.
უკრაინამ ტუაფსეში სამრეწველო ობიექტებს 16 აპრილს დაარტყა, განმეორებით კი 20 აპრილს. ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონაა და მისი ძირითადი პროდუქტებია ნავთობის დისტილატები, მაზუთი, დიზელის საწვავი და საავიაციო ნავთი.
რუსული მედია წერს, რომ „გამძვინვარებული ხანძარი ცას სქელი შავი კვამლით ავსებს, რაც რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიირი კატასტროფის წინაშე აყენებს".
ინტერნეტში ვრცელდება კადრები ტუაფსედან, სადაც ჩანს, რომ ქალაქი მთლიანად შავ კვამლშია გახვეული და მასში მზის სხივებიც ვერ აღწევს.
„როსპოტრებნადზორმა" მოსახლეობას მოუწოდა ქუჩაში გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა არაა, ფანჯრები კი მჭიდროდ ჩაკეტონ.
ამას გარდა, რუსული წყაროს ცნობით, მავნე სმოგთან ერთად, ორშაბათს, შავ ზღვაში, ტუაფსეს პორტთან ახლოს, დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრის ფართობის ნავთობის ლაქა გაჩნდა.
„(ხანძრის ჩაქრობის) სამუშაოებში ჩართულია 276 ადამიანი და 77 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კრასნოდარის მხარის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან", - იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.
რას აცხადებენ რუსული წყაროები
ეკოლოგმა გეორგი კავანოსიანმა ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ტუაფსეს ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ასული ე.წ. სმოგი ოთხშაბათს უკვე სოჭამდე იყო მისული.
კიდევ ერთი ეკოლოგი ანონიმურობის დაცვით „მოსქოუ თაიმსთან" ამბობს, რომ მავნე ნივთიერებების ნაწილი სრულად არ იწვის და შესაძლოა სოჭსა და სხვა რაიონებში გოგირდმჟავას შემცველი მავნე წვიმები დაიწყოს.
ეკოლოგები აცხადებენ, რომ გასულ დღეებში ტუაფსეს ქუჩები დაფარული იყო ზეთოვანი ფენით და სქელი კონსისტენციის მქონე შავი ბურთულებით, რაც ნავთობის დაღვრას ჰგავდა.
„ჰაერში გამოიყოფა დიდი რაოდენობით წვის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს აზოტისა და გოგირდის ოქსიდებს. როდესაც წყლის ორთქლი აჯერებს ატმოსფეროს, ისინი გარდაიქმნება აზოტად, გოგირდად ან გოგირდმჟავად და წვიმის სახით ჩამოდის", - აცხადებს ეკოლოგი.
კავანოსიანის პროგნოზით კი, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის წვის შედეგად წარმოქმნილი სმოგი კიდევ უფრო გავრცელდება და კრასნოდარს მოუახლოვდება.
21 აპრილის გადაღებული ნასა-ს სატელიტური სურათების თანახმად, შავი კვამლი უკვე 300 კილომეტრზეა გადაჭიმული.
ეკოლოგ ევგენი ვიტიშკოს თქმით, ხანძრის შედეგად ჰაერი იმდენად დაბინძურდა, რომ ფაქტიურად ეს „რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელიც კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უარყოფითად აისახება გარემოზე, თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები".
რა ემუქრება საქართველოს
ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსალოდნელია დაბინძურებული მასის საქართველომდე შემოღწევა, თუმცა, ეს ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული, თან ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. მისი თქმით, ტუაფსეს ტერმინალის აფეთქებამ უფრო ჰაერის ტემპერატურაზე იმოქმედა და მისი დაცემა გამოიწვია.
„მონაცემებს მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან ვიღებთ. ჩვენს ორგანიზაციაში ვცდილობთ სატელიტების დახმარებით ვნახოთ რა ხდება, როგორ მიდის ჰაერის მასების შემოსვლა. ღია სატელიტური პროგრამები რომაა, იმას ვუყურებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სახელმწიფო მონიტორინგს აკეთებს.
„ნამდვილად მოსალოდნელია დაბინძურების გარკვეული რაოდენობის შემოღწევა, ოღონდ არ მგონია ეს მომენტი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ჯერ სოჭამდეა მისული და ალბათ აფხაზეთის ტერიტორიაზე გვექნება ასეთი წვიმები, თუ ქარმა მიმართულება არ შეიცვალა.
„გუშინდელი (22 აპრილის) მდგომარეობით, ქარის მასები აქეთ მხარეს მოდოდა, ისინი მუდმივად იცვლებიან და ჯერ არ ვიცით როგორ შეიცვლება, მაგრამ არ მგონია, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიას მოედოს. მაინც ვფიქრობ, რომ თუ შეეხება, აფხაზეთის მხარეს შეეხება ძირითადში", - განაცხადა ჩხობაძემ.
- ნინო ჩხობაძე: „ნამდვილად მოსალოდნელია დაბინძურების გარკვეული რაოდენობის შემოღწევა, ოღონდ არ მგონია ეს დიდხანს გაგრძელდეს... ალბათ აფხაზეთის ტერიტორიაზე გვექნება ასეთი წვიმები, თუ ქარმა მიმართულება არ შეიცვალა."
მისივე თქმით, გოგირდმჟავას შემცველი წვიმები ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხოლო თუ კვამლი ჩვენამდე მოაღწევს, დასავლეთ საქართველოში ჰაერში გოგირდის შემცველობა მოიმატებს.
„გოგირდის დიდი რაოდენობა რა თქმა უნდა მავნეა, მაგრამ ჩვენც გვაქვს „ჩვენი გოგირდი" საწვავიდან და განსაკუთრებით ისეთი საწვავიდან, როგორიცა სალიარი და უფრო მძიმე - დიზელი, რომელსაც ხმარობენ. გოგირდის შემცველობა წესით არ უნდა იყოს, რადგან საქართველოს აკრძალული აქვს ამ საწვავში გოგირდი, მაგრამ მაინც არის შემთხვევები.
„ალბათ ცოტათი ფონი მოიმატებს დასავლეთ საქართველოში, თუ მართლა შემოაღწია ჩვენამდე. წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის.
„ერთი რაცაა მოსალოდნელი, ესაა ტემპერატურის დაცემა. როგორც წესი, ასეთი დიდი გაფრქვევის შედეგად ტემპერატურა ეცემა და ნალექები არის მოსალოდნელი. ეს ისედაც პროგნოზირებული იყო, მაგრამ იმედია „შავ წვიმას" არ მივიღებთ", - განაცხადა ჩხობაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



