
საყოველთაო კარდაკარისა და 26 მაისის აქციის დაანონსების ფონზე, ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაა, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტებია, რასაც ალიანსის წარმომადგენლები სხვადასხვა პლატფორმიდან ეხმიანებიან და მიაჩნიათ, რომ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა ალიანსის შეთანხმება დაარღვია. ამის ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება ოპოზიციური სპექტრი ერთიანობის შენარჩუნების მხრივ გამოწვევის წინაშე დადგეს, მით უმეტეს, თუ ალიანსის პრიორიტეტი არჩევნებში მონაწილეობა არაა.
რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ დაპირისპირებას დაანონსებულ პროტესტზე დიდად გავლენა არ ექნება.
„მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ", - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებას (9 პარტიისგან შემდგარი ალიანსიდან ენმ-ს გამოკლებით რვა პარტიის მიერ გავრცელებულს), რომელიც გამოეხმაურა სააკაშვილის 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.
როგორც სააკაშვილი წერს, იგი ყოველთვის ერთობის მომხრე იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ სუსტი და მყიფე ერთობა ვერ შეძლებს ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ ძალას.
როგორც ალიანსის სახელით 8 პარტიამ დაწერა, „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".
18 აპრილს სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე".
ოპოზიციურმა ალიანსმა მობილიზაციის კამპანია 31 მარტს დაიწყო, ე.წ. საყოველთაო კარდაკარი კი 10 მაისიდან 26 მაისამდე გაგრძელდება, კულმინაცია კი ამავე დღის თბილისის აქცია იქნება.
ოპოზიციის გეგმების პერსპექტივა
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის კარდაკარ სიარული სახიფათოა, რადგან ხალხს უარყოფითი რეაქცია ექნება. მისი შეფასებით, 26 მაისის აქციაც ისეთივე იქნება, როგორსაც აქამდე ატარებდნენ.
- ედიშერ გვენეტაძე: „ვურჩევდი არ დაიწყონ კარდაკარ სიარიული, თორემ მოსახლეობას ბინებიდან ვერ გამოასწრებენ. ხალხს უარყოფითი რეაქცია ექნება, კარგი დაბამბულები მივიდნენ, რომ ზურგი შეინარჩუნონ"
„ერთ რამეს ვურჩევდი ოპოზიციას, რომ არ დაიწყონ ეს კარდაკარ სიარული, თორემ მოსახლეობას ბინებიდან ვერ გამოასწრებენ. ხალხს უარყოფითი რეაქცია ექნება, ვურჩევ კარგი დაბამბულები მივიდნენ, რომ ზურგი შეინარჩუნონ. ესენი საქართველოს აშკარა მტრები და მოღალატეები არიან. ამას თავიანთ ტელევიზიებში ლაპარაკობენ, რითაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იწვევენ, რომ საქართველო დაბომბონ და ამას საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი არ აპატიებს.
„დაპირისპირება რაც ხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარ ამ ე.წ. გაერთიანებაში ყველას უნდა ლიდერობა და ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. 26 მაისის აქციაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ სექტის წარმომადგენლების შეკრება, რომელიც აგერ უკვე კარგა ხანია იკრიბება და უცხოელებს საქართველოს დაბომბვას სთხოვს.
„გინდა იყოს დაპირისპირება მათ შორის და გინდა არა, ნულს მივუმატოთ ნული, ნულია, ამიტომ არარაობებს არარაობებთან რა დაპირისპირება უნდა ჰქონდეთ?"- განაცხადა გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თქვას ალიანსს მომავალში რა ფუნქცია ექნება. მისი თქმით, თუ არც ერთობა არ იქნება და არც არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ასეთ ალიანსს აზრი არ აქვს. თუმცაღა, მისი შეფასებით, ამ დაპირისპირებას დაგეგმილ აქციაზე დიდად გავლენა არ ექნება.
„ალიანსსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება გამოწვეულია იმით, რომ სააკაშვილი სწორედ იმას მოუწოდებდა - ტელევიზებში ნუ სხედხართ, მოსახლეობასთან გადით და ელაპარაკეთო. ანუ მოსახლეობაში გასვლას მოუწოდებდა და ამ მხრივ არ მგონია დიდი მოულოდნელობა იყოს სააკაშვილის განცხადებებში.
- ვახტანგ ძაბირაძე: „არ მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ აქციაზე დიდად იმოქმედოს...თუ ალიანსი მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, ან ერთგუნდად არ იქნება, მაშინ ასეთ ალიანსს რა აზრი აქვს?"
„რაც შეეხება პერსპექტივას, მე ცოტა გაუგებარი მგონია ამ ალიანსის არსებობა - თითქოს ყველაფერი კარგადააო, მაგრამ მომავალში რა ფუნქცია აკისრია ჩემთვის სრულიად გაუგებარია. თუ ის მონაწილეობას არ მიიღებს არც არჩევნებში, ან ერთგუნდად არ იქნება ჩამოყალიბებული, მაშინ ასეთ ალიანსს რა აზრი აქვს? ეს ალიანსი არჩევნების წინ რომ გაიყოს, ეს ხომ უფრო უარესი იქნება მოსახლეობისთვისაც და ალიანსის წევრებისთვისაც. ამიტომ ამ მხრივ მათი ქმედებები ცოტა გაუგებარია.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კარგად იმუშავებენ - 26 მაისამდე არცთუ დიდი დროა, ვნახავთ, ალბათ პირველი შეხვედრა და ნიადაგის მოსინჯვა 26-ში იქნება, თუ რას და როგორ აკეთებენ და ამის შედეგი როგორია. ამ ეტაპზე უბრალოდ უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება.
„არ მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ აქციაზე დიდად იმოქმედოს, ალიანსს საქმიანობა ფაქტიურად ჯერ არც დაუწყია. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, ეს თემა განიხილეს და ითქვა, რომ ინციდენტი ამოწურულიაო",- განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



