
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ „დრუჟბას“ მილსადენის გამო, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დაზარალდა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინული მხარის მტკიცებით, მილსადენი აღდგენილია და უკვე შესაძლებელია მისი ხელახლა გამოყენება, ფიცო არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირიდან სესხის მიღების შემდეგ, კიევმა ნავთობსადენი კვლავ შეაჩეროს.
„ამ ვითარებაში არ გამიკვირდება, თუ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გაიცემა და შემდეგ, მალევე, ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდება – „დრუჟბას“ მილსადენი თუ საერთოდ გაიხსნება. ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ენერგეტიკულ საკითხებს, იცის, რომ „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ნავთობის მიწოდება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია იმ რეგიონისთვის, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკა მდებარეობს“, – განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, არ ეთანხმება უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, რადგან ეს თანხა ომის გაგრძელებას ხმარდება.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დათანხმდა ამ სესხს და ჩვენ არ ვმონაწილეობთ მასში. უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მსგავსად, ვფიქრობთ, რომ ეს საომარი სესხია, რადგან 90 მილიარდიდან 60 მილიარდი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო 30 – უკრაინის საჭიროებებისთვის“, – განაცხადა ფიცომ.
ცნობისთვის, უნგრული ნავთობკომპანია Mol-ის ინფორმაციით, უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა. MOL ვარაუდობს, რომ ნედლი ნავთობის პირველი მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალიდან განახლდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



