რეზონანსი
(22.04.2026)

კაია კალასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა იმ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად, რასაც ჰქვია ანტიქართული მოძრაობა და [რასაც] ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ კურსი შეცვალოს.

„კალასს საკმაოდ აგრესიული პოზიცია უკავია და უნდა, რომ ამ ჯგუფში ლიდერი იყოს, თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია იმაზე, რა ბიზნესს აკეთებდა მისი ქმარი რუსეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამაც რამდენიმე მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა მათ ოჯახს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ; შესაძლო სანქციების საკითხი გადაიდო. პარალელურად, კაია კალასი დიალოგზე საუბრობს. კონკრეტული პუნქტები „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა დაწერა. საქართველოს ისევ კანონების გაუქმებისკენ მიუთითებენ.

მმართველი გუნდისთვის დირექტივები მიუღებელია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე