ნატალია ჯვარიძე
(22.04.2026)

პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ მმართველ პარტიაში მიმდინარე დიდი საკადრო ცვლილებები პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენას დაუკავშირა. მისი ვარაუდით, დღეს არსებული ვითარება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მის შვილს, ცოტნეს პოლიტიკური მომავლისთვის ამზადებს. სხვა თემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა ახალი პატრიარქის არჩევას დაპირისპირება ახლდეს თან.

იგორ კვესელავა: საკადრო ცვლილებები, რომელიც ახლა მიდის დაკავშირებულია პოლიტიკაში ახალი სახის შემოყვანასთან და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი. მისი გამოსვლა შემთხვევითი არ არის. მე სწორედ ამას ვუკავშირებ. ახალი სიტყვის მთქმელი, ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს. თქვენ თუ ყურადღება მიაქციეთ, ცოტნე ივანიშვილი საკმაოდ კრიტიკული იყო არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ძალადობის თემას. ასე რომ, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები იწყება. დამთავრდა ძველი პერიოდი, რომელმაც მკვეთრად უარყოფითი შედეგი მოიტანა. საკადრო ცვლილებები აუცილებელია. ბიძინას გარეშე არაფერი კეთდება და, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საჭიროა ცვლილება. რამდენად შეძლებენ ახალი პირები ვითარების გაუმჯობესებას, სხვა საკითხია. მთავარია სისტემა ჩამოყალიბდეს. პირადად მე ცოტნეს პოლიტიკაში შემოსვლას მივესალმები. საოცრებას ამ ყველაფერში ვერ ვხედავ. თან მისი შეხედულებები მისაღებია.

  • „მიშა გამოკვეთილი ლიდერი იყო, რეგიონებში მარტოც დადიოდა და საკმაოდ ძლიერი იყო. საჭირო არ არის ბევრი ლიდერი იყოს, რამდენიმე ან ერთიც კი საკმარისია, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არ არსებობს. მას განსხვავებული მიდგომები და სახელმწიფოს განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს. ისინი ხალხისთვის უნდა მუშაობდნენ და არა ისე, როგორც ახლა არიან"

ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მმართველობაში პრობლემებია. განახლება საჭიროა, სხვა შემთხვევაში მისი პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის და 0-ის ტოლი ხდება იმ კადრებით, რაც ახლაა. შეუძლებელია იმ კადრებით ქვეყანა წინ წავიდეს. ვფიქრობ, ივანიშვილმა ამით წერტილი დაუსვა კობახიძის არასერიოზულ, გაუმართლებელ პოლიტიკას. ის არ არის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც საქართველოს უნდა გაამარჯვებინოს. კობახიძე კი არა, არც სხვა ლიდერები არიან ბიძინასთვის სანდოები. ქვეყანა გაღარიბებულია, ძალიან ბევრი პრობლემაა და ცვლილება აუცილებელია.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის დაპირისპირებას ოპოზიციის ნაწილთან?

ი.კ: მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა დაკავშირებულია იმასთან, რაზეც უკვე ვისაუბრე, ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან. ატყობს, რომ ოპოზიციაში ვითარება გაურკვეველია, რადგან სხვადასხვა მიმართულებათ იქაჩებიან. ერთი იდეოლოგია არ აქვთ, არც ავტორიტეტი და არც ლიდერები. მიშა გამოკვეთილი ლიდერი იყო, რეგიონებში მარტოც დადიოდა და საკმაოდ ძლიერი იყო. საჭირო არ არის ბევრი ლიდერი იყოს, რამდენიმე ან ერთიც კი საკმარისია, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არ არსებობს. მას განსხვავებული მიდგომები და სახელმწიფოს განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს. ისინი ხალხისთვის უნდა მუშაობდნენ და არა ისე, როგორც ახლა არიან.

„რ": საპატრიარქოს არჩევნები 28 აპრილს იქნება, სადაც სამ კანდიდატს აირჩევენ. თქვენი აზრით, რამდენად მშვიდ გარემოში ჩატარდება და იქნება თუ არა გარე ჩარევები?

ი.კ: ქართულ ეკლესიაში დაპირისპირება უკვე მიდის და ეს დაკავშიერებულია სახელმწიფოს პოლიტიკასთან. იქამდე მივიდნენ, რომ ეკლესიაშიც კი არის ეს პრობლემა. ილია მეორე დიდი პიროვნება იყო და მგონი, ჯობდა თვითონ დაესახელებინა ახალი პატრიარქი. ახლა ურთულესი პროცესია - ეკლესია დაყოფილია. საეკლესიო იერარქიაში ოპოზიცია ჩამოყალიბდა. ერთი ჯგუფი ხელისუფლებასთან არის, მეორე კი მისი მოწინააღმდეგეა. ეს პრობლემა აქამდეც იყო, მაგრამ ახლა უკვე ღიად გამოკვეთილია. სახელმწიფოს უნდა, რომ ეკლესია ხელში ჰყავდეს, რაც შეუძლებელია. მთავარია რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი. ეკლესიაში განხეთილების წინაპირობა უკვე არსებობს და მნიშვნელოვანია, ეს ასე არ მოხდეს. მღვდელთა ნაწილი გაერიდა ამ ვითარებას. ქვეყანას პოლიტიკური სისტემა დაკარგული აქვს, არ შეიძლება ახლა საეკლესიო სისტემაც დავკარგოთ. სათავეში ღირსეული ადამიანი უნდა მოვიდეს და ხელისუფლებამ არჩევნებში ჩარევას თავი უნდა დაანებოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეკლესია გაიხლიჩოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე