თამთა ჩაჩანიძე
(22.04.2026)

22-24 აპრილს ასტანაში გაერო-ს პარტნიორობიოთ რეგიონული ეკოლოგიური სამიტი იმართება, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებულ ძალისხმევაზე მსჯელობენ. საქართველოდან სამიტში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობს. სამიტში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი.

როგორც ყაველაშვილმა ასტანაში სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეს გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. მისი შეფასებით, კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება - აღნიშნული გამოწვევები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

„ამ კონტექსტში, ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

  • ვახტანგ მაისაია: „გვგონია, რომ საკმაოდ ბევრი წლის რესურსები გავქვს, შესაძლოა უახლოეს პერიოდში დეფიციტური გახდეს, არ ვასრულებთ წყლის მართვისა და გამოყენების ეფექტიანობის სტანდარტების დაცვას"

 

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზედაც პრეზიდენტმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაუსვა ხაზი წყლის უსაფრთხოებაა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წყლის უსაფრთხოება უკვე გაეროს დონეზე დადგა და წყლის რესურსების დეფიციტი შეიძლება უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მაისაიას შეფასებით, ცენტრალური აზია უკვე გახდა წყლის დეფიციტის მსხვერპლი და ეს საფრთხე საქართველოსაც შეიძლება დაემუქროს.

„წყლის უსაფრთხოება სულ ახალი ტერმინია, რომელიც თავის მხრივ ენერგოუსაფრთხოებას, ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ჯანდაცვისა და სასურსათო უსაფრთხოებებს მოიცავს, ეს საკითხი გაეროს დონეზე დადგა. წყლის რესურსების დეფიციტი წარმოადგენს არა მარტო გლობალურ, არამედ რეგიონული დონის სერიოზულ პრობლემას და უახლოეს პერიოდში შეიძლება გადაიქცეს ერთ-ერთი სერიოზული ასიმეტრიული სახის საფრთხედ. პრობლემა ეხება ცენტრალურ აზიას, კასპიისპირეთს და შეიძლება მალე მას სამხრეთ კავკასიაც შეუერთდეს.

„ცენტრალური აზია უკვე გახდა წყლის დეფიციტის მსხვერპლი და დაახლოებით 10 მილიონზე მეტ ადამიანს არ გააჩნია წვდომა სუფთა დასალევ წყლის რესურსთან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ცენტრალურ აზიაში მდებარე არალის ტბა, რომელიც ფაქტიურად ამოშრეტილია. იცით, რა საშინელებაა ადგილზე? ეს ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა და ღმერთმა დაიფაროს ასეთი პრობლემა საქართველოში დადგეს. წყლის დაშრობამ არა მხოლოდ გარემო პირობები შეცვალა, არამედ გავლენა იქონია რეგიონული უსაფრთხოების პროცესების არასტაბილურად განვითარებაზე. წყლის პრობლემების გამო, ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტამდეც კი მივიდა. უკვე ეს საკითხი იმდენად მწვავედ დგება, ყაზახეთი მივიდა იმ დონემდე ინიციატივა გამოეჩინა, რომ გაეროს ეგიდით შეიქმნას წყლის უსაფრთხოების სპეციალური სააგენტო, რომელიც სწორედ ახალ გამიწვევებს გაუმკლავდება, ჯერ რეგიონალურ და მერე გლობალურ დონეზე.

„ჩვენ რომ გვგონია, საკმაოდ წლის დიდი რესურსი გავქვს, შეიძლება მალე წყალი დეფიციტად იქცეს, რადგან არ ვასრულებთ წყლის მართვისა და გამოყენების ეფექტიანობის სტანდარტებს. ბიოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოების მსგავსად, ეროვნულ სტრატეგიაში წყლის უსაფრთხოებაც უნდა აისახოს.

„ეს პრობლემა მოიტანა გლობალურმა დათბობამ, წლის რესურსების უდიერმა და არაეფეტურმა მართვამ. იგივე გარემოსდაცვითმა პრობლემებმა, დავუშვათ გამოიყენებოდა ქიმიური ბირთვული რეაგენტების დამარხვა ან წყალში ჩაყრა, რამაც დაბინძირება გამოიწვია და ეკოლოგიური კატასტროფების ხელშემწყობი პრობების შექმნა, ასევე ამას ხელი შეუწყო ტექნიკურმა განვითარებამ, ავტომობილების გამონაბოლქვებმა და ა.შ. ამ ყველაფერმა დაგვალვიანება გამოიწვია, წყალი დაბინძურდა, დაშრა და ხრიოკი ადგილების რაოდენობა გაიზარდა.

„ახლა ამ სამიტის გამართვა ძალიან დროული და მნიშვნელოვანია და ამ ინიციატივის მხარდაჭერა საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან პრეზიდენტ ყაველაშვილის მეთაურობით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, რადგან საქართველო შეიტანს თავის წვლილს, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალირი უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის საქმეშიც", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე