რეზონანსი
(22.04.2026)

პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გლობალური გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, განახლებულ სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფოს დასაცავად კიდევ უფრო გაძლიერებულია.

„გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული. პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს.

პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს. თუმცა ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, კიდევ უფრო გაძლიერებულია ამ სამთავრობო სტრუქტურაში. ასე რომ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო მიღებული. რაც შეეხება პროცედურას, ბიუროზე შემოვა ეს საკითხი და მთავრობაში შესაბამისი დადგენილების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე