
ავტონაწილების ბიზნესს ახალი ვალდებულებები უჩნდება. საუბარია მანქანების დაშლაზე, რაც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე, რეკრეაციული და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით იქნება დასაშვები. ამ ეტაპისთვის გაურკვეველია ვინ, სად და როგორ შეძლებდ ავტომობილების დაშლას. დარგის სპეციალისტები საკითხს კრიტიკულად უყურებენ. მათი აზრით, მიდოგმა სახელმწიფოს მხრიდან არასწორია და ეს თანაბრად დააზარალებს, როგორც დასაქმებულებს, ასევე მომხმარებლებს.
სავარაუდოდ, ავტომობილების დაშლის საკითხი კი 1-ელი სექტემბრიდან შეიზღუდება. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უამრავი კითხვა არსებობს, რის გამოც ავტონაწილების ბიზნესის ბედი გაურკვეველია. ჯერჯერობით არც ტერიტორიებია განსაზღვრული, სადაც მანქანები უნდა დაიშალოს და ისიც უცნობია, კერძო პირები ან ინდივიდუალური მეწარმეები სად და როგორ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.
„ვისაც დასაშლელად შემოჰყავთ მანქანები, აქაც პრობლემები გვაქვს. როგორც იცით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტექნიკური რეგლამენტის მიღებას აპირებს და სექტემბერში, ყველაფერი რადიკალურად იცვლება მათთან მიმართებითაც.
ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - ტერიტორიულად სად იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, ვინ უნდა დაშალოს მანქანები? სავარაუდოდ იქნება ცენტრალიზებულად, ე.წ. მგვ-ები (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება). ასევე, ნარჩენებზე იქნება გადასახადი. როდესაც ავტომობილს შემოიყვან და გაიფორმებ, ეს ამ გადასახადი უნდა გადაიხადო და მერე მგვ-ს ორგანიზებით უნდა მოხდეს დაშლა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა ეს სამუშაო ადგილები საერთოდ დაკარგოს.
როდესმე ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ამ ხალხის ადგილი სად არის? როგორი თანამშრომლობა ექნებათ მგვ-ებს ინდმეწარმეებთან - ამაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. ფაქტია, რომ ავტონაწილების საქმით დაკავებულ ადამიანებსაც ახლო მომავალში პრობლემები შეექნებათ. სად და როგორ შეძლებენ მანქანების დაშლას, გაურკვეველია.
ძალიან ბევრი დაუზუსტებელი საკითხია. გავიგეთ, რომ მგვ იქმნება, გავიგეთ, რომ ფონდია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით როგორ მოხდება მანქანის დაშლა, ვის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია,“ - განაცხადა ნონიაძემ.
ახალ მოსალოდნელ რეგულაციასთან დაკავშირებით, "რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რომ ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსების ან რეალიზაციის შეზღუდვა სირთულეებს შექმნის.
,,ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსების ან რეალიზაციის შეზღუდვა, იმ ტექნიკური რეგლამენტის ნაწილია, რომელიც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ადვილად აალებადი, ფეთქებადი, ამტვერებადი მასალის განთავსების ან რეალიზაციის აკრძალვას, 6 წლამდე მანქანების, საბურავების მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეხებოდა და ა.შ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი პრობლემები, რომელბსაც ჯერ ფურცელზე იწერება და შემდეგ აღსრულებაში გადადის. მოკლედ, ამ მარცვლებს თესავენ მშრალ ზედაპირზე და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობენ.
კანონები კარგია, მაგრამ მას უნდა უძღოდეს ნიადაგის მომზადება, ნარჩენი მასალებისთვის სავალდებულო ცენტრების აშენება, სადაც დარჩენილ ნაწილებს ჩაიბარებენ. ზოგი ჯართია, ზოგი რეზინია, ზეთია და ყველა ტიპის ნარჩენი განკუთვნილ წერტილებში უნდა ნაწილდებოდეს, რომ პრობლემები არ შექმნას. ამისათვის კი, არანაირი ქსელი არ არსებობს," - განუცხადა ,,რეზონანსს" ჯამაგიძემ.
მისი აზრით, მეორადი ნაწილები დიდი პრობლემაა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არსებული მიდგომა არასწორია. შედეგად, შესაძლოა, კვლავ გაზრდილი ფასი და შემცირებული მუშახელი მივიღოთ.
,,ძალიან დიდი პრობლემაა მეორადი ნაწილები. როგორც ამბობენ, უნდა ამოქმედდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებადა მისი ქუდის ქვეშ უნდა შევიდეს ყველა, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული. ყველას თავისი ინტერესი აქვს, რაც, საბოლოო ჯამში, ფასის ზრდას გამოიწვევს.
კომპანიები ქალაქგარეთ უნდა გავიდნენ, რაც მათთვის ხარჯებს გაზრდის. დიდი ალბათობით შემოაკლდებათ მომხმარებელიც. ამიტომაც, ვფიქრობ ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილებება, რომელიც რა შედეგს მოიტანს არავინ არ იცის. ფაქტია, რომ დასაქმებულებს, ფინასური ზარალი მიადგებათ.
ცუდია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ტერიტორიების სამრეწველო ზონებად დაყოფა არ ხდება. ეს უკანასკნელი ყველაფერს წერტილს დაუსვამდა. ჯერჯერობით ამბობენ, რომ შემოვლით ტერიტორიაზე გახდება შესაძლებელი ადგილის აღება, თუმცა იმედი იმისა, რომ ბიზნესი იქ უსაფრთხოდ იმუშავებს არაა. მოგეხსენებათ, გარეუბნები ვითარდება, დედაქალაქი მზარდია და შესაძლოა, აღნიშნული ტერიტორიაც დროთა განმავლობაში საცხოვრებელი ზონა გახდეს. მოკლედ, მთლიანობაში დიდი გაურკვევლობაა," - დასძინა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
ავტომობილის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მევლუდ მელაძე ყველანაირი ცვლილებების მომხრეა, თუმცა ეს ყველაფერი ბიზნესისთვის უმტკივნეულოდ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფომ უნდა შეექმნას ისეთი პირობები, რომ ბიზნესი ადგილს ნებაყოფლობით იცვლიდეს.
,,ზოგადად, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ხელსაყრელი იყოს კონკრეტული ბიზნესისთვის და არა იძულებით. ვფიქრობ, თუ კონკრეტული საჭიროება მოითხოვს, ლოკაციის შეცვლის მიუხედავად, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება, მაინც მიაგნებს. ცხადია, თავდაპირველად მსგავსი ნაბიჯები ბიზნესისთვის, მათთან მიჩვეული მომხმარებლისთვის დისკომფორტი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დაბალანსდება. ადამიანები მიეჩვევიან ახალ ადგილს. ამიტომ, ახალი რეგულეციების შემოღებაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ასეთი სავაჭრო ობიექტები განთავსებული არაა. მსგავსი მომსახურებისთვის პერიფერიებში გარკვეული უბნები შეირჩევა, თუმცა აკრძალვის გზით ან იძულებით მსგავსი საკითხების აღსრულების მომხრე არა ვარ. სახელმწიფომ განვითარების ისეთი მიმართულება უნდა შემოგვთავაზოს, რომ უკეთესი პერსპექტივა გაჩნდეს და ბუნებრივად მოხდება კიდეც ტერიოტორიის შეცვლა.
რაც შეეხება მყიდველებსა და ბიზნესს, დაშლილები სადაც არ უნდა გადაიტანოს კონკრეტულმა ადამიანმა, თავისი მომხმარებელი მაინც ეყოლება, - განუცხადა ,,რეზონანსს" მევლუდ მელაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



