
წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ცნობილია - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება და მასზე გამორჩეული იქნება პატრიარქობის სამი კანდიდატი. მიტროპოლიტები არჩევნების მშვიდად ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, ანალიტიკოსები კი გარედან ზეწოლას არ გამორიცხავენ.
28 აპრილის სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატების არჩევა კენჭისყრით მოხდება. კანდიდატებად გამოცხადდება ის სამი პრეტენდენტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. აქედან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სავარაუდოდ მაისის პირველ ნახევარში, მოწვეული იქნება უკვე სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ამ სამი კანდიდატიდან მოხდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად:
„კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად, რადგან ეკლესია ირჩევს წინამძღოლს, როგორც თავის ხილული ერთობის სიმბოლოს და შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა იყოს სულიწმიდის მშვიდი მოქმედების ნაყოფი. ეკლესიის ძალა არის თავისუფლებაში, სიყვარულში და ერთსულოვნებაში, რომელიც იბადება არა იძულებით, არამედ ჭეშმარიტი თანხმობით".
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი კი აცხადებს, რომ სრულიად ბუნებრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ სიმპათიები ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ, მაგრამ საარჩევნო პროცესში მათი მხრიდან თუნდაც ირიბი ჩარევა დაუშვებელია.
- არჩილ გამზარდია: „ყველაზე ღიად საუბარია მოსაყდრე შიოზე, მიტროპოლიტ იობზე, ასევე მეუფე დანიელსა და გრიგოლზე, თუმცა შეიძლება მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდეს."
„მინდა, მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება. შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა", - წერს მეუფე გიორგი.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რამდენიმე სავარაუდო კანდიდატზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს არჩევნებში გარედან ჩარევის გარკვეული თეორიული რისკი.
„ყველაზე ღიად საუბარია მოსაყდრე შიოზე, მიტროპოლიტ იობზე, ასევე მეუფე დანიელსა და გრიგოლზე. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდეს. შესაძლოა ჩემს მიერ დასახელებული კანდიდატები იყვნენ, ან არ გამოვრიცხავ, რომ სხვები შეირჩნენ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამის თქმა, შეუძლებელია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გარედან ჩარევის მცდელობები იქნება. უბრალოდ ამას წმინდა თეორიულ კონტექსტში განვიხილავ. ზეწოლის ღია სივრცე არის მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან. ისინი ნეიტრალურ პოზიციას კი არ გამოხატავენ, არამედ კონკრეტულ მეუფეს მხარს უჭერენ. რასაკვირველია, ეს ზეწოლის ფორმაა. ასევე, საზოგადოებრივი და მედიაკამპანიებიც მიდის, რომელსაც სახელისუფლებო სექტორი წარმოადგენს. ეს კიდევ ირიბი ზეწოლაა. შიგნით რა ამბებია, არ ვიცი. ასე რომ, ხელისუფლება საკუთარი კანდიტატის გაყვანას ეცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს მოხდა, ეკლესია სახელმწიფოს დაექვემდებარება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



