მარიამ ვეკუა
(21.04.2026)

აშშ-ირანს შორის დადებული დროებითი ზავის ვადა ისე იწურება, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ორკვირიანი ზავი 8 აპრილს დაიდო და ის თბილისის დროით 23 აპრილის 04:00-მდე იმოქმედებს. ამის ფონზე ვაშინგტონიდან მომავალი „ბომბების აფეთქების" მუქარა ისმის, თეირანში „ბრძოლის ველზე ახალი კარტების გაშლაზე" საუბრობენ, ისლამაბადში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება კი ჩაშლის პირასაა.

დედლაინის მოახლოების ფონზე, ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ გალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი „მზად არის ბრძოლის ველზე ახალი კარტები გაშალოს". აღნიშნული განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომ თეირანს „ისეთი პრობლემები შეექმნება, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს", თუკი ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე ამოიწურება, რომ მხარეები კონსენსუსამდე ვერ მივლენ.

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ბედი, რომელიც ამ კვირაში პაკისტანში უნდა გამართულიყო, კვლავ გაურკვეველია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ უქმეებზე აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა ირანის ხელისუფლების მძაფრი პროტესტი გამოიწვია და ნავთობის გლობალურ ფასების ზრდა განაპირობა.

  • დონალდ ტრამპი: „ველი, რომ დაბომბვას დავიწყებთ, რადგან ვფიქრობ, ეს უკეთესი პოზიციაა. სამხედროები მზადყოფნაში არიან".

დასავლური გამოცემების ინფორმაციით, ჯერჯერობით კვლავ არ არის ოფიციალურად დადასტურებული, აპირებს თუ არა ირანი ისლამაბადში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას.

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ გალიბაფმა სამშაბათშ ღამით „იქსზე" შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

„ჩვენ არ მივიღებთ მოლაპარაკებებს მუქარის ჩრდილქვეშ. გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვემზადეთ ბრძოლის ველზე ახალი კარტების გასაშლელად".

„ალ ჯაზირა" წერს, რომ ეს ორაზროვანი გზავნილია, რაც ნიშნავს, რომ „ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არა აშშ-ის მიერ თავსმოხვეული პირობებით".

ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, თუკი, რა თქმა უნდა, ის საერთოდ შედგა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე რთული და გადაუჭრელი საკითხი. ორივე მხარეს აქვს მოთხოვნების გრძელი სია, რომელიც ეხება ჰორმუზის სრუტეს, სანქციებს, ომის რეპარაციებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და ირანის რეგიონულ ურთიერთობებს.

პრეზიდენტი ტრამპი კი აცხადებს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს.

  • მოჰამად ბაღერ გალიბაფი: „გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვემზადეთ ბრძოლის ველზე ახალი კარტების გასაშლელად".

„ველი, რომ დაბომბვას დავიწყებთ, რადგან ვფიქრობ, ეს უკეთესი პოზიციაა. სამხედროები მზადყოფნაში არიან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენბისისთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის გახანგრძლივება არ სურს და აშშ-ს მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია აქვს.

„ამის გაკეთება არ მსურს. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე