"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტში ქართველი პარტნიორების მონაწილეობა"
ქეთო გოგოხია
(20.04.2026)

"ემაარ ჯგუფის" დიდი სამშნებლო პროექტის შემდეგ "ტრამპ თაურ თბილისის" პროექტს განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ საქართველო ინვესტიციების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, თითქოს ქვეყანა იზოლაციაშია და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ამერიკულმა პროექტმა ინვესტორებს მკაფიო და დადებითი სიგნალი გაიგზავნა. თანაც "ტრამპ თაურის" პარტნიორებს თბილისში ქართული კომპანიები წარმოადგენენ, რაც ქვეყნის იმიჯს გლობალურ ასპარეზზე კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ტრამპ თაურ თბილისის" პროექტის განხორციელება წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ, ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. დონალდ ტრამპის და მისი კომპანიის საქართველოში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა და ის ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია.

„არ ვიცი, ამჯერად, ოპოზიცია, ალბათ, ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად, სინამდვილეში კი, საქმე ძალიან მარტივად არის. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით მსოფლიოში. მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. როდესაც ტრამპის კომპანია, საკუთარი სახელით, საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს. 

რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი. თავისთავად, ეს ფაქტი უკვე სხვა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამით წახალისდება არა მხოლოდ ინვესტიციები, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტები დამკვიდრდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამშენებლო სექტორში ამერიკულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ, რასაც პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის სიმცირით ხსნიან, თუმცა მენაშენეთა ასოციაციის დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ადსტურებს, რომ ამერიკული ინვესტიცია სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება.

,,მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ინვესტორის დაინტერესება საქართველოს ბაზრით, თავისთავად დადებითი მოვლენაა. უძრავი ქონების ბაზარზე მასშტაბური პროექტებით არ ვართ განებივრებული, ამიტომ სიახლე ნამდვილად კარგი და მისასალმებელია. მისი განხორციელდება საქართველოს იმიჯზეც აისახება და საქართველოს მიმართ ინტერესს გაზრდის, ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი სიახლის მოწმე ვხდებით. ახლა მეტი ვერაფერი უშველის საქართველოს, უძრავი ქონების ბაზარი ფაქტობრივად გაჩერებულია, დარგი ვერ ვითარდება რიგი გამოწვევების გამო. ცხადია, კარგია არაბული ინვესტიციაც, მაგრამ ბევრი რამ ვერც მასზე  გავიგე, ალბათ, მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, როცა ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 

უცხოელი ინვესტორების პროექტები საქართველოში  ძალიან დაეხმარება  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და უსაფრთხოებას ქვეყანაში, ამ თვალსაზრისით, ამერიკული ინვესტიცია საუკეთესოდ მიმაჩნია", - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

გაცილებით მეტი სათქმელი აქვთ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ტრამპ თაურ თბილისის" პროექტის განხორციელება მშენებლობის ხარისხზე დიდ გავლენას მოახდენს და სტანდარტი მნიშვნელოვნად დაიხვეწება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ინჟინერ-მშენებელმა და სამშენებლო მასალების ექსპერტმა გიორგი შვანგირაძემ.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც უძრავი ქონების ბაზრისა და მთლიანად ეკონომიკისთვის დიდი შესაძლებლობაა. 70-სართულიანი, 200 მეტრზე მაღალი ობიექტი აშენდება. პროექტის ფარგლებში, ბევრი პარტნიორი გამოჩნდება და გაძლიერდება არაერთი კომპანიაც, რომელიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთანავე, უფრო მეტად დაიხვეწება მათი მუშაობის სპეციფიკა, ვინაიდან მშენებლობის ამერიკული სტანდარტი დაინერგება და ბევრი სიახლე შემოვა. 

ეკონომიკის განვითარებისთვის ინვესტიციები მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიზნესი არ არის იმ დონეზე განვითარებული და გადაწყობილი, რომ მათ  ფინანსური რესურსი მსხვილი პროექტების განხორცხიელებისკენ მიმართონ და სხვა ტიპის მშენებლობებში დააბანდონ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი შვანგირაძემ.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  ამერიკულმა პროექტმა თვალსაჩინო გახადა ქვეყნის მიერ აღებული კურსი და გააქარწყლა ეჭვი, თითქოს საქართველო იზოლაციაშია. ის ფაქტი, რომ პროექტის პარტნიორები ქართული კომპანიებია, სპეციალისტის შეფასებით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზრისთვის დიდი შესაძლებლობა და განვითარების წინაპირობაა.

,,ამერიკული კომპანიის შემოსვლა ქვეყანაში პირდაპირი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო იზოლაციაშია. ამ პროექტით გამოჩნდა, რომ ქვეყნის კურსი განვითარებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობისკენ არის მიმართული. მაგალითი იმდენად კარგია, რომ ბევრ ინვესტორს დააინტერესებს. 

პროექტში ქართველი პარტნიორების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როცა ინვესტორი შემოდის, მასპინძელი ქვეყანა ცდილობს თავისი მოსახლეობა ჩართოს პროექტში, როგორც ეს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს ხდებოდა. ქართულ ბაზარს და კომპანიებს ეძლევათ გასაქანი, რომ ეს უცხოური დაფინანსება გამოიყენონ, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ხარისხიანად იმუშაონ, ვინაიდან აქ სხვა შესაძლებლობები და სხვა მოცემულობაა", - განაცხადა გიორგი შვანგირაძემ ჩვენთან საუბრისას.

"ტრამპ თაურ თბილისი"  იქნება 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს. პროექტი მოიცავს როგორც მაღალი კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სასტუმრო ფართებსა და კომერციულ ზონებს. ცათამბჯენის ლოკაციად თბილისის ცენტრალური პარკის (იპოდრომის) მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე