მარიამ ვეკუა
(20.04.2026)

ხუთ წელიწადში გამართული რვა არჩევნების შემდეგ, ბულგარეთმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იპოვა. ოპონენტების მიერ პრორუსულად შერაცხული ექს-პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ სულ რაღაც ოთხი თვის წინ დაფუძნებულმა მოძრაობამ „პროგრესული ბულგარეთი" ხმათა თითქმის 45% მოიპოვა და მმართველი პარტია პირწმინდად გაანადგურა.

მართალია, რადევი ბევრ საკვანძო საკითხში, განსაკუთრებით კი უკრაინის ომში ჩართულობაზე, ბრიუსელის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს, თუმცა ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ის უფრო სლოვაკეთის ფიცოს სტილის მმართველი იქნება, ვიდრე უნგრეთის ორბანისა, ანუ ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტასთან ხისტ დაპირისპირებას მოერიდება.

მიუხედავად ამისა, რადევის ანტიუკრაინული პოზიციები საკმაოდ კარგადაა ცნობილი და ის ბულგარეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში გამოხმაურებას პოულობს. ეს არც თუ კარგი სიგნალია კიევისთვის, რადგან ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია.

ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ რადევის მოძრაობას 44.7% აქვს. ამ მაჩვენებლით პარტიამ 240-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატი და უმრავლესობა მოიპოვა. 1997 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბულგარეთში ერთპიროვნულ გამარჯვებულს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ადგილები აქვს.

პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტიამ სამჯერ ნაკლები ხმა მიიღო - 13.4% და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ლიბერალური კოალიცია მესამე ადგილზე ხმათა 12.8%-ით გავიდა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი წინა მთავრობის მიერ დეკემბერში ინიცირებული სადავო ბიუჯეტი გახდა, რომლის გატანასაც მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში უშედეგოდ ცდილობდა. ბიუჯეტის გარშემო დაწყებულ დაპირისპირებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რომელთაც მხარდაჭერა თავად პრეზიდენტმა რუმენ რადევმა გამოუცხადა.

„ხალხმა უარი თქვა ძველი პარტიების ქედმაღლობაზე და არ გახდა ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი. მადლობას ვუხდი მათ გამოცხადებული ნდობისთვის", - განაცხადა რადევმა გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

მან პირობა დადო, რომ ააშენებს „ძლიერ ბულგარეთს ძლიერ ევროპაში".

62 წლის რადევი პრაგმატულ, გარკვეულწილად პრორუსული განწყობების მქონე ლიდერად მიიჩნევა. ის წარსულში ევროკავშირის სანქციებს აკრიტიკებდა და კრემლთან „კონსტრუქციული დიალოგისკენ" მოუწოდებდა. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ბულგარეთის მიერ სამხედრო დახმარების გაწევას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ევროპელ ლიდერებთან კონფრონტაციას კვლავ კომპრომისი ამჯობინოს.

სოფიაში მოღვაწე უსაფრთხოების ანალიტიკოსი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფილიპ გუნევი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რადიევი უკრაინის საკითხში ბრიუსელს ღიად დაუპირისპირდეს:

„მისი მიდგომა იქნება პრაგმატული - ის უფრო სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ჰგავს, ვიდრე უნგრეთის ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანს".

გუნევის თქმით, რადევის მომხრეებს შორის პრორუსულად განწყობილი ყველა როდია, ამიტომ ლიდერი შეეცდება „ოქროს შუალედის" პოვნას და ამას ეროვნული ინტერესების დაცვით შეფუთავს - მაგალითად, ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის იაფი ენერგორესურსების მოძიებით. პრაქტიკაში ეს შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის ბულგარული იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ექსპორტის გაგრძელებას, თუმცა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას.

  • მისი მიდგომა იქნება პრაგმატული - ის უფრო სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ჰგავს, ვიდრე უნგრეთის ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანს"

ამ წინასაარჩევნო კამპანიისას რადევმა აქცენტი ძირითადად საშინაო პოლიტიკაზე გააკეთა. მისი მთავარი დაპირებები კორუფციასთან ბრძოლა და მრავალწლიანი არასტაბილური კოალიციური მმართველობის შემდეგ ქვეყანაში მყარი ხელისუფლების აღდგენაა.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის დასაფუძნებლად მან იანვარში პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში იკავებდა. „მიგ-29-ის გამანადგურებლის ყოფილი პილოტისა და ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდლისთვის ეს გამარჯვება ბულგარული სტანდარტებით შთამბეჭდავი მიღწევაა," - წერს „როიტერზი".

2001 წლის შემდეგ ბულგარეთის ყველა მთავრობა კოალიციური იყო. რადევის მიერ მოპოვებული ერთპიროვნული უმრავლესობა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალ ეპოქას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია. ეს პროცესი მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით კი მეზობელი რუმინეთის მეშვეობით ხორციელდება. ომმა მოულოდნელი სტიმული მისცა ბულგარეთის სამხედრო მრეწველობას, რომელიც საბჭოთა ეპოქის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და გადარჩენისთვის იბრძოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე