
„ქართული ოცნება" ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს, რომელიც, პროცედურის თანახმად, კვლავ ბი-ბი-სი-ში შებრუნდება. მმართველი პარტია გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივ სისტემას მწვავედ აკრიტიკებს, ტელეკომპანიაში ამ პროცესს აფასებს, როგორც ფორმალობას და თუ საჭირო გახდა, ამ ბობენ, რომ სტრასბურგამდეც მივლენ.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე დავაში ბრიტანულ მაუწყებელში სიმართლის დადგენა რთულდება, თუმცა მიუხედავად დაბალი მოლოდინისა, სამართლებრივი პროცედურების გავლა აუცილებელია, რის გამოც საჩივრის მომზადება მაინც გრძელდება.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ოცნებამ" ბრიტანეთის სასამართლო სისტემაში „ლევან მურუსიძე ვერ იპოვა და იქ, სადაც კანონი კანონობს, „ოცნება" უძლურია".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" გუნდი ყველა პროცედურას მიჰყვება და თუ სარჩელი ბრიტანეთში არ დაკმაყოფილდა, საქმეს სტრასბურგამდე გაჰყვება.
„პრინციპული პოზიციაა, რომ ბინძური ტყუილის გამავრცელებელს პასუხი მოეთხოვოს, არ აქვს მნიშვნელობა ბი-ბი-სი იქნება, თუ სხვა ქვეყნის ტელემაუწყებლობა. „ქართული ოცნების" გუნდი ყველა იმ პროცედურას მიჰყვება, რომელიც აუცილებელია, მათ შორის ბრიტანეთის მარეგულირებელი „ობკომი", რომელმაც ეს საჩივარი ასევე უნდა განიხილოს.
„როდესაც ეს ქეისი ბრიტანული სასამართლოების ყველა ინსტაციაში დასრულდება, იმ ვარაუდოთ, რომ საქართველოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაშინ მიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. შალვა პაპუაშვილის ვითომ დამუნათება რადიკალების მხრიდან, რომ მან ეს იურიდიული პროცესები არ იცის, უბრალოდ სასაცილოა.
„რაც კი თანმიმდევრული პროცედურებია საჭირო, აქ შეუვალი პოზიციაა, რომ ბი-ბი-სი-ს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. აქვე საინტერესოა გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ტრამპის ბი-ბი-სი-სადმი საჩივარს. ეს თუ უფრო ადრე განიხილება, ამას საკმაოდ რეზონანსული ელფერი ექნება, რადგან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ბრიტანულ მაუწყებელს უჩივის და თუ ამას პროცესში საქართველოს ქეისიც დაემატება, რასაკვირველია მედიის მხრიდან კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღების ქვეშ აღმოჩნდება.
- გია აბაშიძე: „როდესაც ეს ქეისი ბრიტანული სასამართლოების ყველა ინსტაციაში დასრულდება და საქართველოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის"
„ვფიქრობ, ბი-ბი-სი-სთვის ახლა ნამდვილად არ უნდა იყოს დალხენილი სამუშაო გარემო, იქიდან გამომდინარეც, რომ თვითონ შიგნით ბრიტანული პოლიტიკური აქტორები მოითხოვენ, ამ მაუწყებლის დაფინანსება საგრძნობლად შემცირდეს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ბი-ბი-სი აპირებს სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად შეამციროს. თუ ფსევდოლიბერალებს და მათ ანასხლეტებს საქართველოში რაღაცა უხარიათ, მათი სიხარული ნაადრევია," - აცხადებს აბაშიძე.
„გახარია საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური „პალიტრანიუსთან" ამბობს, რომ ბი-ბი-სი-ს მიმართ შედგენილ სარჩელს პროპაგანდისტული დატვირთვა აქვს და, რომ იქ, სადაც დემოკრატიაა და კანონი კანონობს, „ოცნების" მსგავსი სისტემები აბსოლუტურად უსუსურია.
„შალვა პაპუაშვილი გაოცებულია, რადგან დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძე ვერ იპოვეს. „ოცნება" უძლურია იქ, სადაც მართლა სამართალია და კანონი და კანონის უზენაესობა მუშაობს. ისტერიული რეაქცია და რეაგირება მათ უსუსურობას ნიშნავს. იქ, სადაც კანონი - კანონია, კონსტიტუცია - კონსტიტუციაა და დემოკრატია - დემოკრატიაა, ასეთ სისტემებში „ოცნების" მსგავსი სისტემები არის აბსოლუტურად უსუსური.
„ოცნება" სარჩელს დიდი ალბათობით პროპაგანდისთვის წერს. ის, რაც „ოცნებას" კარგად გამოსდის, არის ტყუილების ტირაჟირება და შესაძლებელია, რომ სარჩელი ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



