ვახტანგ იობაშვილი: "დეფიციტი არ იქნება, რაზეც კომპანიებმა საფუძვლიანად იმუშავეს"
ქეთო გოგოხია
(20.04.2026)

მსოფლიოში საავიაციო საწვავის დეფიციტის ფონზე, ქართული ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, როგორც მარაგის კუთხით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით,  ქართველ იმპორტიორებს პრობლემა არ შექმნიათ. დამაიმედებელია პროგნოზიც, როგორც სექტორში აცხადებენ, საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდება თურქეთიდან და თურქმენეთიდან, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა გლობალური პროცესების გავლენით, ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აპრილში ნავთობის დანაკარგი, მარტთან შედარებით, გაორმაგდება, რაც საწვავის დეფიციტს მთელი პლანეტის მასშტაბით შექმნის. არსებული ვითარების გამო, ევროპული ავიაკომპანიები უკვე საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. კონტინენტის უმსხვილესი გადამზიდავი "რაინეარი" მარშრუტების შემცირებას გეგმავს, "ლუფტჰანზა"კი 40-მდე ხომალდის ექსპლუატაციიდან ამოღებასა და კრიზისული გეგმის ამოქმედებას აპირებს. "სკანდინავიან ეარლაინზმა" საწვავის ხარჯების ზრდის გამო 1000-მდე ფრენა უკვე გააუქმა, რაც, ძირითადად, ჩრდილოეთის რეგიონის შიდა რეისებს შეეხო. პარალელურად, კომპანიებმა ბილეთების გააძვირეს.

რაც შეეხება საქართველოს, ,,სოკარის" ავიასაწვავის მომარაგების უფროსმა ნოდარ კვირიკაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, რომ საავიაციო საწვავის მომარაგების და შესყიდვების თვალსაზრისითაც, სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. 

,,საავიაციო ნავთის გარშემო არსებულ;ი გლობალური კრიზისის მიუხედავად, ცვენთან სტაბილურობა შენარჩუნებულია. დღეის მდგომარეობით, 1 თვის მარაგი გვაქვს და არც შესყიდვის კუთხით გვექნება დაბრკოლება. საწვავის შემოტანაზეც აქტიურად ვმუშაობთ, კომუნიკაცია გვაქვს და დასტური მივიღეთ როგორც თურქმენეთთან ასევე ევროპის ქვეყნებიდანაც, მათ შორის, თურქეთიდან. ასე რომ, კოლაფსი არ გველოდება, თუმცა სიტუაცია არასახარბიელოა. 

საავიაციო ნავთს, ძირითადად, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და თურქმენეთიდან ვიღებთ. დეფიციტის საფრთხე არ იკვეთება, თუმცა ფასი სერიოზული გამოწვევაა. როგორც იმპორტიორი ქვეყანა, დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე, ხოლო ფასის ინდექსი 100%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად,  ღირებულება ჩვენც გაგვიძვირდა. მთავარია, რომ დეფიციტის კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს და სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ახალი პარტიის შემოტანასაც ველოდებით", - განაცხადა ნოდარ კვირიკაშვილმა.

ამდენად, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია, რასაც ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილიც ადასტურებს. მართალია, ფასის ზრდა ნეგეტიური ტენდენციაა, მაგრამ მარაგთან დაკავშირებული საკითხი კომპანიებს მოგვარებული აქვთ, რაც სტაბილურობის პირობაა. 

,,ახლა იმედისმომცემი სიტუაცია, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებითაც უკეთესობა შეიმჩნევა. რა მოხდება მომავალში პროგნოზი რთულია, თუმცა ჩვენ რისკი ყველაზე ნაკლებად გვაქვს. ახლა საწვავი, შედარებით მაღალი ფასისა და რთული ლოგისტიკის გამო, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არ შემოგვაქვს. 

რაც შეეხება საავიაციო ნავთს, საქართველოში ამ მხრივ აშკარად უკეთესი მდგომარეობაა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტი არასახარბიელო მდგომარეობაშია. თუმცა, გაძვირდა სამგზავრო ბილეთები, ამ მხრივ არასასურველი მოცემულობაა. 

მიუხედავად ამისა, მოლოდინი ოპტიმისტურია, იმედია, თანდათან ჩაწყნარდება სიტუაცია. კარგად თუ დავაკვირდებით, ფასი მცირედით წამოვიდა კლებისკენ, ვნახავთ, რა იქნება. ვფიქრობ, სტაბილურობა მიღწეული იქნება. შეიძლება საცალო ფასს ცვლილება დაეტყოს, მაგრამ საქართველოში დეფიციტი არ იქნება, რაზეც კომპანიებმა საფუძვლიანად იმუშავეს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

რაც შეეხება ბენზინს და სხვა ტიპის საწვავს, ამ მიმართულებითაც უკეთესი ვითარებაა, თუმცა რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვა კვლაც პრობლემაა. შესაბამისად, აქცენტები უკვე ალტერნატიულ ბაზრებზე კეთდება.

,,დღეისათვის ყველა სახის საწვავზე, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ვითარებაა, ჩვენთან რუსული ბენზინის შეზღუდვა დამატებით პრობლემას ქმნის, ეს პირველად და უკანასკნელად არ ხდება, რის გამოც სხვა მიმართულებაზე გადავერთეთ, გვაქვს ალტერნატიული წყაროები, მათ შორის, შუა აზიური ქვეყნები, თუმცა არც ყაზახური და არც თურქმენული ხარისხით არ გამოირჩევა", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობილია, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რამდენიმე პარალელური ფაქტორის ერთობლივი შედეგია - სამხედრო მოქმედებები, ინფრასტრუქტურული დაზიანება და გრძელვადიანი სანქციები. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ნავთობის საშუალო დღიური ექსპორტი დაახლოებით 3.2 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც ბოლო თვეების ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

რაც შეეხება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ვითარებას, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო არტერიაზე ვითარება მუდმივად იცვლება.  სრუტის გახსნის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედი მალევე გაქრა და რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირების ფაზაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე