რეზონანსი
(20.04.2026)

47 წლის ასაკში მხატვარი და გერმანისტი, ფიქრია მუსერიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

გარდაცვლილ მხატვარს მეგობრები და ახლობლები საჯაროდ ემშვიდობებიან, მის შესახებ სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ და „ფეისბუკში“ ემოციურ პოსტებს უძღვნიან.

„ალბათ, ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენმა ტოტოშკამ დაგვიტოვა.

მსგავსი სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი მე არ მინახავს.

ბრწყინვალე შვიდეულის კვირას უფალს მიეახლა და ჩვენს მფარველ ნგელოზად გარდაისახა. უფალს ებარებოდე, ჩემო ანგელოზო“, – წერს ნინო კაციტაძე.

ფიქრია მუსერიძე 1978 წლის 27 ივლისს, თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ჰუმანიტარული ხელოვნება და დეკორატიული დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, გერმანისტიკის მიმართულებით განაგრძო სწავლა.

ფიქრია მუსერიძის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა - ნამუშევრებს ქმნიდა თექასა ქსოვილზე [ბატიკა], ქმნიდა ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს, მისი მთავარი მიმართულება იყო აბსტრაქცია და

დეკორატიული მხატვრობა.

ფიქრია მუსერიძის ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდში გამოფენილი იყო არაერთ გალერეაში, ამასთან, ქართველი მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე