
მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ HiPP-ის ქილებში ვირთხის საწამლავი სავარაუდოდ ჩაყარა ბოროტმოქმედმა, რომელიც კომპანიისგან გამოსასყიდს ითხოვდა.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Die Presse-მა პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა წერილის შესახებ, რომელიც კომპანიას გაუგზავნეს.
ანონიმური პირი HiPP Germany-სგან 2 მილიონ ევროს ითხოვდა 2 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს განათავსებდა Tesco-ს სუპერმარკეტებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში, ასევე Interspar-ის მაღაზიაში ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში.
გავრცელებული ცნობით, HiPP-ის ხელმძღვანელობამ საფრთხის შესახებ ძალიან გვიან შეიტყო.
ავსტრიისა და გერმანიის პოლიციაში საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებენ.
პოლიციამ მოუწოდა მომხმარებლებს, შეამოწმონ ბავშვთა საკვების შეფუთვის მთლიანობა. შეფუთვა თუ დაზიანებულია, ქილა გახსნისას არ გამოსცემს დამახასიათებელ ხმას. ასევე, მოწამლულ პროდუქტს შესაძლოა, ჰქონდეს უცნაური სუნი. გარდა ამისა, აღმოჩენილ ქილებს ქვედა ნაწილში ჰქონდათ თეთრი სტიკერი წითელი წრით.
ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტის პროკურატურა საზოგადოებისთვის საფრთხის განზრახ შექმნაზე იძიებს საქმეს. გამოძიებას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტის პროკურატურა, რადგან საქმე ეხება გერმანიაში რეგისტრირებულ კომპანიას.
შეგახსენებთ, მანამდე კომპანია HiPP-მა რამდენიმე ქვეყანაში პროდუქცია მაღაზიის დახლებიდან გაიწვია. კომპანიაში განმარტეს, რომ საქმე ეხება არა ბავშვთა საკვების მწარმოებლის შეცდომას, არამედ კრიმინალურ ქმედებებს, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



