
მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველი სარჩელის გამოთხოვას და ახლის შეტანას აანონსებს, რომელშიც უკვე პარტიათა სია იზრდება - „ლელოს", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და ენმ-ს „ფედერალისტები" ემატება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მინიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციურ ალიანსში „არიან სხვა პარტიებიც". სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.
„ოცნებამ" სამი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი 31 ოქტომბერს შეიტანა, სასამართლოს განხილვის 9-თვიანი ვადა ჰქონდა და ივლისში იწურება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სარჩელის განახლებისას ვადა გადაიწევს და შეიძლება ერთ-ერთი მიზანიც დროის გაწელვა ყოფილიყო.
„მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვოთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების რაოდენობას. კერძოდ თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ლელო", ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური" პარტია.
„რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენ ვთქვით, რომ, ერთი მხრივ, ვუყურებთ, რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ, ვუყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რატომ ამატებს „ფედერალისტებს" „ოცნება"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ახლა პარტიების აკრძლვა არ აწყობს და დროის გაწელვას ცდილობს.
„ქართული ოცნება" ახლა ამ ნაბიჯს არ და ვერ გადადგამს, რადგან პარტიების აკრძალვაც ასე მარტივად არაა. ძალიან გამჭვირვალედ კითხება, რომ აქ საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან ნომინალური ხდება და ეს ყველასთვის ცხადი გახდება. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტორს, რომ მას დროის თავიდან ათვლა სჭირდებოდეს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნებას" ამ ეტაპზე არც აკრძალვა აწყობს და არც ის, რომ სარჩელზე უარი მიიღონ, ამიტომაც ალბათ ცდილობს განცხადება ახალი რაკურსით შეიტანოს და ათვლა თავიდან დაიწყოს"
„გარკვეული დრო სჭირდებათ, რადგან გაუქმებით თუ არ აუქმებს და მათი განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და განაჩენი უნდა გამოიტანოს ან ასეთი, ან ისეთი. „ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე არც აკრძალვა აწყობს და არც ის, რომ სარჩელზე უარი მიიღონ, ამიტომაც ალბათ ცდილობს განცხადება ახალი რაკურსით შეიტანოს და ათვლა თავიდან დაიწყოს. შემდეგ გამოჩნდება რა პროცესები განვითარდება და ამის მიხედვით იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არც იმას გამოიცხავს, რომ ამ ნაბიჯში დროის მოგება იყოს ჩადებული და არც იმას, რომ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაწყვიტეს განახლებული სარჩელი.
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ დროის მოგება იყოს ჩადებული ასეთ ნაბიჯში, მაგრამ დამატებას თავის ლოგიკაც აქვს. თუკი გაცხადებულია, რომ ენმ იმ პირვანდელი სახით უნდა აიკრძალოს, ანუ იმ ხალხიანად, ვინც მაშინ იყო და გამოძიების თვალსაწირში მოხვდა, თუ ამით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ „ფედერალისტებიც" რა თქმა უნდა ასეთ კრიტერიუმში მოხვდება.
„ფედერალისტების" ამ სიასთან მიწებება გასაკვირი არაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დროის გაყვანაც უნდოდეთ, რადგან პარტიების აკრძალვა ძალიან მკვეთრი ნაბიჯია, საერთოდაც გამიკვირდა ეგ საკითხი რომ დაისვა. თან საკითხის გატანა მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აქვს, მემგონი საჩქარო არ უნდა იყოს და ლოგიკური იქნება ამ პროცესის შენელება ლოგკური იქნება",- ამბობს საყვარელიძე.
რას ნიშნავს „ალიანსში არიან სხვა პარტიებიც"
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ფრაზა, რომ თუ საჭირო გახდა კიდევ განაახლებენ სარჩელს სხვა პარტიების დამატებით, ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ, „კი".
„კი კაცო, ყველაფერს გააკეთებენ. მათ ამ ეტაპზე არანაირი პარტიების არ აწყობთ და ხელს არ აძლევთ, ამიტომაც ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ამიტომ ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში უნდა დარჩეს ოპოზიციური საზოგადოება, ამ ლოგიკას მოჰყვებიან და როცა დასჭირდებათ, კი ბატონო, „ფედერალისტების" მსგავსად ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. რომელიც მათ არ აწყობთ და საერთოდ რომელი აწყობთ კაცმა არ იცის „ხალხის ძალისა" და „ევროპელი სპციალისტების" გარდა და ამიტომ ამ პროცესს გაჭიმავენ მანამ, სანამ უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ გუნდის შიგნით, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ ოპოზიციასთან. ეს მხოლოდ შიდაპოლიტიკური საქმე არაა, ოპოზიციასთან ეს უთიერთობები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძაფრ რეაქციას გამოიწვევს.
„ამ ეტაპზე, როცა რაღაცნაირად თითქოს დაიწყეს, ყოველ შემთხვევაში პროპაგანდის თვალსაზრისით მაინც დალაგება ტრამპთან და მის ბიზნესთან, სადაც დარწმუნებული ვარ, რაღაც შემოვლითი გზებით ბატონი ივანიშვილის ფულიც მონაწილეობს, ამ ეტაპზე ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელზეც მერე რეაგირება ტრამპს უნდა თუ არა მოუწევს, ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებენ",- განაცხადა ძაბირაძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „ფედერალისტების" ამ სიასთან მიწებება გასაკვირი არაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დროის გაყვანაც უნდოდეთ, რადგან პარტიების აკრძალვა ძალიან მკვეთრი ნაბიჯია, საერთოდაც გამიკვირდა ეგ საკითხი რომ დაისვა"
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ თუკი მხოლოდ პარტიის დანაშაული შეფასდება, მაშინ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა პარტიებს შექმნიან.
„პიროვნებები, რომლებსაც იმ დანაშაულებთან ჰქონდათ საქმე, რაზედაც წულუკიანის კომისია მუშაობდა, დღეს რომელი პარტიის ქუდის ქვეშაც არ უნდა იყვნენ, ალბათ იმ პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი იგულისხმება ამ შემთხვევაში. თუკი მხოლოდ პარტიის დანაშაული შეფასდება, მაშინ ადგება ეს ხალხი და სხვა პარტიას შექმნის და დამნაშავე აღარ იქნება? ნიურბერგის დროს ნაცისტური პარტია კი გასამართლდა, მაგრამ მერე ამდენი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ნაცისტებს დასდევდნენ, მიუხედავად იმისა რომელ პარტიაში იქნებოდნენ", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



