
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს გამოასვენეს. მრევლის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული. ცხედრის გამოსვენების დროს, კორპუსთან ისევ ხმაური იყო. შეკრებილები პოლიციას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ბერის ცხედართან მიახლოებას მოითხოვდნენ.
9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებული იყო. ვრცელდება ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მისულ ექიმს მრევლი ბერის ბინაში არ უშვებს.
ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს მუსიკოსი დათო არჩვაძე.
"მალხაზ ჯინორია გახლავთ ადამიანი რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი. ძალიან იშვიათად, მხოლოდ მალხაზის მოუხმობდა ხოლმე თავისთან. ის იყო მალხაზ ჯინორიას ოჯახის მოძღვარი, ვიდრე მდუმარების აღთქმას დადებდა და თავად მახო არის უნაკლო ადამიანი, კომპოზიტორ თეა ჯინორიას მეუღლე და ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ, ექიმი ხომ გადაარჩენდა. უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში. მამა ნიკოლოზმა უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამებრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე. მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ. უფალო, აცხონე მისი სპეტაკი, ნაწამები სული", - წერს მუსიკოსი.
დათო არჩვაძის გარდა, მომღერალი ნინი შერმადინიც ეხმაურება ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებას და წერს:
"ღმერთმა აცხოვნოს მისი სული! ამინ!
სიტყვა “სალოსის” მნიშვნელობასაც დაგიწერთ სანამ იღლიცინებთ. მარტო უფალმა იცის ვინ რა ღვაწლში იყო, ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ, ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები. ბერი ნიკოლოზის განკითხვით და ქილიკით თქვენ არაფერი მოგემატებათ...
სიტყვა სალოსი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც: უარყოფს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს. თავს იმდაბლებს უკიდურესად. ხშირად უცნაურად იქცევა, რათა ხალხის ქება არ მიიღოს. სიმართლის სათქმელად იყენებს არატრადიციულ გზას.
ღმერთთან განსაკუთრებული სულიერი კავშირი აქვს", - წერს მომღერალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


