რეზონანსი
(19.04.2026)

დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გახსნილია სრულიად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა - ანაკლიის პორტი აშენდეს დასავლური პარტნიორობით და ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლურ კურსს - „ძლიერი საქართველო - ლელო“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, როგორც ტრამპის სახელობის სამხრეთ კავკასიური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება და ამ ჯაჭვის ნაწილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ და არ განიხილება.

„ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადება და სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი გვახსენებს და ადასტურებს, რომ საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ, რომლის მიმართაც აშშ-ის ინტერესი კვლავ დიდია და იზრდება. ეს ინტერესი პირდაპირ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს უკავშირდება. პროექტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში და ჩვენი ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებთან. ანაკლია არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის საქართველოს სუვერენული და სტრატეგიული არჩევანი. იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ძალებს შორის მიმდინარეობს არნახული კონკურენცია გავლენისთვის და კრიტიკულ რესურსებზე კონტროლისთვის, ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც კონტინენტების კარიბჭე და საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი პორტალი, სულ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის. ამავე დროს უილსონის პოზიცია გვახსენებს, რომ ძლიერი დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომელსაც სჭირდება სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწორად მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამჭვირვალედ და ქართველების ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით და არა გარე გავლენების და ზეწოლის ქვეშ.

სწორედ ამიტომ ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ და არ განიხილება. დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გახსნილია სრულიად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა - ანაკლიის პორტი აშენდეს დასავლური პარტნიორობით და ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლურ კურსს. იმ ისტორიულ არჩევანს, რაც ჩვენს ხალხს ოდითგანვე გააჩნდა.

„ძლიერი საქართველო - ლელო“ მკაფიოდ აცხადებს, რომ: 1. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, როგორც ტრამპის სახელობის სამხრეთ კავკასიური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება და ამ ჯაჭვის ნაწილი; 2. ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით; 3. პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი და მისი განხორციელება უნდა მოხდეს მაღალი გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური კონტროლის პირობების პირობებში, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკების დაცვით. აუცილებელია რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საფუძველია. სწორედ ამას ითხოვს ჩვენი დე ფაქტო რეჟიმისგან ევროკავშირი და აშშ.

დღეს საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა - გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და უზრუნველყოს, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საფუძველი, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სიმდიდრეს და კეთილდღეობას. ჩვენს ბიუჯეტს კი ასობით მილიონს შემოსავლის სახით.

ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და ბრძოლას ამ მიმართულებით. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, ანაკლია აშენდება ქართული, სწორი პირობებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და ეს ქვეყანა იმ ისტორიულ გზას დაუბრუნდება, რომელიც ჩვენ როგორც ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე