თუკი "სვიფტიდან" საქართველოს გათიშავენ, ალტერნატიული გზა უკვე გამოძებნილი გვექნება
ქეთო გოგოხია
(09.03.2026)

საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს. ეს არის CIPS-ი, რომელიც  განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. სპეციალისტები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ გაწევრიანება სწორი ნაბიჯი და თავის დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმია, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი "სვიფტის"  მსგავს სისტემებზე სამომავლოდ რაიმე დაბრკოლება გაჩნდება. 

ჩინეთის საგადახდო სისტემაში გაწევრიანება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მასში გაწევრიანებულ ქვეყნებთან საქართველოს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. 

CIPS — ანუ Chinas Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უარყოფს, რომ აღნიშნული სისტემა არ განიხილება რაიმე სახით "სვიფტის" ჩამნაცვლებელ პლატფორმად. მისი შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ამ საგადახდო სისტემაში გაწევრიანება, რათა გაიოლდეს გადახდა და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

,,ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად, როგორც ცენტრალურმა ბანკმა, ხელი შევუწყოთ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს საგადახდო თვალსაზრისით, ჩინურ საფინანსო სისტემასთან. ჯერ ერთი, რომ იზრდება ვაჭრობა და იზრდება ტურიზმი თუ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობაც. ის როგორც "სვიფტის" ჩამნაცვლებელი პლატფორმა არამც და არამც არ არის.180 ქვეყნის 5 ათასზე მეტი წამყვანი ბანკია გაწევრიანებული ამ სისტემაში", -  განაცხადა თურნავამ.

სპეციალისტები ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განმარტავენ, თუ სარგებელს მოიტანს ქართულ საბანკო სექტორისთვის ჩინურ საგადახდო ანგარიშსწორების სისტემასთან კავშირი და რამდენად მიიჩნევა უსაფრთხო პლატფორმად.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი,  ვახტანგ ხომიზურაშვილის აზრით, ეს დროული გადაწყვეტილებაა, რაც უზრუნველყოფს სექტორის და მთლიანად ეკონომიკის  მდგრადობას, თუკი ოდესმე "სვიფტიდან" გათიშვის ფაქტი დადგება.

,,CIPS-ი არის ალტერნატივა, მომავალში  შესაძლო რისკების ლავირებისთვის. ამ შემთხვევაში რისკი შეიძლება უკავშირდებოდეს "სვიფტის" სისტემის  გათიშვას. ალტერნატიული საშუალება ყოველთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ბანკები ხშირად მიმართავენ კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორებას, ეს სერვისი ყველას აქვს. აქედან გამომდინარე, არ იზარალებენ ბანკები, თუკი რომელიმე "სვიფტის" სისტემიდან გაითიშება. კლიენტურის მომსახურების თვალსაზრისით, ეს ბანკებს დანაკარგს შეუმცირებს. დატვირთვა გადავა სხვა საგადამხდელო სისტემებზე, კატასტროფა არ იქნება, როცა ალტერნატივა გვექნება. ამ თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი და წინგადადგმული ნაბიჯია. 

რამდენიმე უცხოელმა ჩინოვნიკმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო "სვიფტიდან" გათიშონ, მაგრამ ამით პირველ რიგში, ამერიკის ბანკები იზარალებენ. რეალურად ისინი დაკარგავენ საკომისიოებს და შემოსავლებს. ერთი რაღაცის გათიშვა ყველას ზარალს ნიშნავს. ცალმხრივად მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იქნება, თუკი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრებისაა ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, CIPS-ის სისტემაში ჩართვა კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკური კავშირებს ჩინეთთან და გადახდის მექნიზმს უფრო მოქნილს გახდის. 

,,სვიფტიდან" თუ გაგვთიშავენ, ჩვენი პარტნიორი დარჩება ჩინეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამ სისტემაშია გაწევრიანებული. თავის დაზღვევა არავის შეუშლის ხელს. ისევე როგორც რეზერვების განთავსება ჩინური იუანში, რაც ასევე რისკების დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმია. მიმდინარე პროცესები არაპროგნოზირებადია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ცდილობს, როგორმე გადარჩეს. ჩინეთის საგადახდო სისტემასთან მიერთება არა მარტო  დააზღვევს რისკებს, ბევრად  გააადვილებს ურთიერთობას ამხელა ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია. ამიერიდან ეს კავშირი გახდება ბევრად უფრო იაფი და მარტივი, 

აქედან გამომდინარეც, არ მიმაჩნია ნეგატიურ პროცესად, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ცუდი იქნება, თუკი "სვიფტიდან"  საქართველოს გათიშავენ, აუცილებლად დავზარალდებით, მაგრამ ჩინეთთან პირდაპირი ანგარიშსწორება მოგვცემს გარანტიას, რომ შევძლებთ რაღაც სერიოზული პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა სასაქონლო  დეფიციტი და სხვა. მთლიანობაში, დადებით ტენდენციას ეყრება საფუძველი", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.

,,ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სანქციების შიშითაა გამოწვეული და ამტკიცებენ, რომ ქვეყნის და ეროვნული ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებენ.

,,ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს მოვძებნით, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო და საჭირო იქნება, ეს იქნება ჩინეთთან ურთიერთობები, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობები. რაც ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის სარგებლის მომტანი იქნება, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

CIPS-ის სისტემის შესაძლებლობები ანგარიშსწორებისთვის ამცირებს ტრანზაქციის დროსა და ხარჯებს იუანით საერთაშორისო გადარიცხვებისას. იგი წარმოადგენს იუანის ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, საშუალებას აძლევს ჩინეთს შეამციროს დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.

CIPS-ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე