
უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების თხოვნით ხუთშაბათს მიმართა და ექსპერტთა ჯგუფი მეორე დღეს გაემგზავრა.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექსპერტებს გამოვგზავნით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას და მის გუნდს დახმარება სთხოვეს ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან.
ზელენსკიმ პარასკევს The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტების კიდევ ერთი გუნდი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, რათა დაეხმაროს ქვეყნებს შეაფასონ, თუ როგორ შეუძლიათ თავი დაიცვან ირანული დრონებისგან, ძვირადღირებული Patriot-ის ტიპის რაკეტების გაშვების გარდა.
თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არ უკვირს, რადგან როგორც ის ამბობს, უკრაინა ირანს მტრად მიიჩნევდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას დასავლეთმა და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა სთხოვეს, დაეხმაროს ახალი თაობის დრონების მიწოდებაში, სწორედ ამის მაგალითია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ახლა იორდანიაში დრონები და ექსპერტები გაგზავნა.
ეს გასაკვირი არც არის, რადგან ირანი წლების განმავლობაში რუსებს დრონებს - „შაჰიდებს" აწვდიდა. უკრაინა ირანს განიხილავდა, როგორც მოწინააღმდეგეს, რომელიც მის მტერს ეხმარებოდა. ამიტომ უკრაინის ეს პოზიცია არ მიკვირს. მითუმეტეს, ექსპერტების აღიარებით, დღეისათვის უკრაინელებს დრონების წარმოებასა და მართვაში ყველაზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ. იმ ფონზე, რაც ახლა ხდება ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



