
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს წესებზე დაფუძნებულ სისტემას, თუმცა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მხოლოდ ამ სისტემას ვეღარ დაეყრდნობა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ძველი მსოფლიო წესრიგი წარსულში დარჩა და ევროპა მისი მძევალი აღარ უნდა იყოს.
„ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი - იმ სამყაროსი, რომელიც წარსულს ჩაბარდა და აღარ დაბრუნდება. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ და მხარს დავუჭერთ წესებზე დაფუძნებულ სისტემას, რომლის მშენებლობაშიც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა.
თუმცა, ჩვენ აღარ შეგვიძლია მასზე, როგორც ჩვენი ინტერესების დაცვის ერთადერთ გზაზე დაყრდნობა ან იმის ვარაუდი, რომ მისი წესები დაგვიცავს იმ კომპლექსური საფრთხეებისგან, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ავაშენოთ საკუთარი, ევროპული გზა და ვიპოვოთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი მეთოდები“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმავე ლოგიკით უნდა იმოქმედონ გაფართოების საკითხებშიც. ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრება რაც შეიძლება მალეა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



