თამთა ჩაჩანიძე
(08.03.2026)

ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელ-აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელიც თანდათან რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მხარეების პოზიციები და მოცემულობა კი ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ომი შესაძლოა კიდევ გაიწელოს, მეტიც, ახალ ფაზაში გადავიდეს.

საჰაერო შეტევები უკვე შეეხო არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ სამიზნეებსაც, რაც უკვე აისახება მსოფლიო ეკონომიკაზეც. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ენერგეტიკული ბაზარი, რადგან სპარსეთის ყურე ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტია.

ომის გაჭიანურების შემთხვევაში კი ნავთობის ფასის ზრდას და ენერგოკრიზისია მოსალოდნელი. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიოს ნავთობის 20%-ს ატარებს, ჩაკეტა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ტენდენციებს, კონფლიქტი კიდევ ერთხელ აშკარას ხდის გლობალური ძალების დაყოფას, დასავლეთის ქვეყნები ღიად უჭერენ მხარს ისრაელ-აშშ-ს. რამდენიმე არაბული ქვეყანა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, ნაწილი უპირისპირდება.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე იერიში მიიტანეს, ირანმა შეუტია როგორც მთელ არაბულ სამეზობლოს, ისე ევროპულ და ნატოს წევრ ქვეყნებს. სამიზნეში სულ 12 ქვეყანა იყო - არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ქუვეითი, კატარი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ერაყი, ომანი, ისრაელი, კვიპროსი, ბაჰრეინი.

ვითარება კვლავ დაძაბულია, გასულ ღამეს ირანმა ისრაელს კვლავ რაკეტებით შეუტია, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს და მათი სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურაა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი კვლავ პროგნოზირებს, რომ დიდი დარტყმები კვლავ წინაა და "უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება". აქვე ცნობები ვრცელდება, რომ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, რომელიც ახალ უზენაეს ლიდერად განიხილება, დაჭრილია, თუმცა ცოცხალი.

აქვე "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ "აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფართომასშტაბიანი თავდასხმა ირანის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს".

მთავარი ტენდენციები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსს" ეუბნება, რომ ეს ომის მეორე ფაზაა. 

"ეს ომის მეორე ფაზაა, პირველი იყო შარშან ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული დარტყმები. მხარეები ახლაც იგივე სტრატეგიას იყენებენ, რასაც პირველში. ირანელები ახლა გამოფიტვის სამხედო სტრატეგიაზე გადავიდნენ, მათ გაფართოვდეს ოპერატიული დარტყმების ზონები, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამან ირანისთვის მოკლევადიანი ეფექტი კი მოიტანა, მაგრამ ხანგრძლივად მაინც ინიციატივა ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ძალის ხელშია.

"ირანი ასიმეტრიული დარტყმებით პასუხობს, ჰაერში სრული დომინანტობა ისრაელისა და აშშ-სია. ამერიკელებმა 4-ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგეს, მაგრამ საჰაერო დომინანტობა კვლავ არის. ირანს დახმარება აქვს რუსებისგან აეროკოსმოსური და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების მხრივ, რაც სეიოზულია. იარაღი რუსებმა მანამდე გადასცეს - "სუ-35"-ები, "სუ-30"-ები, სარაკეტო სისტემები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შეიარაღებას ვერ იყენებენ, ამ იარაღის ათვისებას დიდი დრო და კადრები უნდა.

"ირანელებმა ჰორმუზის სრუტის ბლიკირება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საზღვაო ფლოტის 40% განადგურებულია. ირანი ასევე ჩამორჩება სერიოზულად ამერიკის სამხედრო ფლოტს პოტენციალითა და სამხედრო ტექნოლოგიებით, თუმცა, "აბრაამ ლინკოლნის" ავიამზიდს მოუწია სპერსეთის ყურის დატოვება და ინდოეთის ოკეანის მიმართულებით გადასვლა. შეიძლება ირანმა თქვა, რომ ავიამზიდს დაარტყეს, მაგრამ ირანული სისტემები ზიანს ვერ მიაყენებდა, როგორც ჩანს, ამერიკელებმა თავი დაიზღვიეს.

"ირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიში მოუხადა დატყმების თაობაზე, მაგრამ სულ რაღაც ორ საათში საუდის არაბეთის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა - "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო",- ამბობს მაისაია.

  • ვახტანგ მაისაია : "დარტყმების ინტენსივობა ორივე მხრიდან კლებისკენ მიდის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება. ამას შესაძლოა მოჰყვეს მესამე-მეოთხე ფაზა, არავინ არ იცის ფაზებს შორის ოპერატიული პაუზა იქნება, თუ ეგრევე გაააგრძელებენ"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის აშკარა უპირატესობაა, თუმცა ეს ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არაა.

"აშკარა აშშ-ისრეალის უპირატესობაა. თუ მანამდე ძირითადად სამხედრო ობიექტები და ბუნკერები იბომბებოდა, ახლა იბომბება ირანის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, რაც დამატებითი დარტყმაა. განადგურებულია ირანის სამხედრო ფლოტის უდიდესი ნაწილი - სარაკეტო დანადგარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების 60%-ზე მეტი.

"თუმცაღა, ხელისუფლების შესაცვლელად ეს საკმარისი არაა. წარსული გამოცდილებით, სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა პრობლემატური გახდეს - 2001 წლის სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ბრიტანეთმა ავღანეთში თალიბანი დაბომბეს, ის თვენახევარში დაემხო, შემდეგ სახმელეთო ოპერაცია მოუწია, 20 წლით დარჩა, თუმცა საბოლოოდ თალიბებმა კონტროლი აღადგინეს.

"რეჟიმის შეცვლა ირანის დიდ ნაწილს უნდა, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც არ სურთ რეჟიმის შეცვლა. თან ძალოვანი სტრუქტურები მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებიან",- განაცხადა ჩიტაძემ.

მიდის თუ არა ომი დასასრულისკენ

ვახტანგ მაისაია გვეუბნება, რომ ომის მეორე ფაზა შესაძლოა უახლოეს დღეებში დასრულდეს, თუმცა ამით ომი არ დასრულდება და შესაძლოა მესამე ფაზა დაიწყოს.

"ომის პირველი ფაზა შარშან ოქტომბერ-ნოემბერში იყო,ახლა მეორე ფაზაა, რომელიც შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. უკვე ჩანს, რომ დარტყმების ინტენსივობა ორივე მხრიდან კლებისკენ მიდის. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება. ამას შესაძლოა მოჰყვეს მესამე-მეოთხე ფაზა, არავინ არ იცის ფაზებს შორის ოპერატიული პაუზა იქნება, თუ ეგრევე გაააგრძელებენ, თუმცა, ფაქტია, რომ ორივე მხარეს პატარა სულის მოთქმა სჭირდება.

"მეორე ფაზაში ამერიკა-ისრაელმა პოლიტიკური ამოცანა კი შეასრულა, ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა გაანადგურა, მაგრამ ამას უფრო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა, რადგან სათავეში უფრო რადიკალური და მოტივირებული ძალა მოვიდა.

"ფაქტია, ვერ შეძლეს ირანის სამხედრო პოტენციალის სრული განადგურება-დემორალიზება. ამერიკა-ისრეალი მოკლე პერიოდში აპირებდნენ მთავარი ამოცანების განხორციელებას, თუმცა სრულად ამ ეტაპზე ვერ გამოუვიდათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჰაერსა და ზღვაზე სრული დომინანტობაა, ამ ეტაპზე სახმელეთო ოპერაცია ჩავარდა. როგორც ჩანს, ამერიკელებს ერაყელი ქურთების დარწმუნება გაუჭირდათ, რომ გამოყენებული ყოფილიყვნენ, როგორც ჰიბრიდული ომის სახმელეთო კომპონენტი. თუ სახმელეთო კომპონენტი არ ჩაერთო, რეჟიმის მორყევა რთულია",- განაცხადა მაისაიამ.

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ომის დასრულება მოსალოდნელი არაა.

  • ნიკა ჩიტაძე: "მოვლენათა განვითარების ორი სცენარი შეიძლება იყოს - პირველი ის, რომ რეჟიმი ძალაუფლებას ბოლომდე ჩაებღაუჭება დასუსტების მიუხედავად. მეორე, აშშ მთელს პოლიტიკურ ელიტას გაუნადგურებს და კაპიტულაციას გამაცხადებენ"

"ჯერ ომის დასასრულისკენ მემგონი არ მივდივართ. მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს - პირველი ის, რომ რეჟიმი ძალაუფლებას მაინც ბოლომდე ჩაებღაუჭება დასუსტების მიუხედავად. მეორე ის, რომ აშშ მთელს პოლიტიკურ ელიტას გაუნადგურებს, მათ შორის ახალ და ყველა პონეტციურ ლიდერს და კაპიტულაციას აცხადებენ, აშშ-მ კი ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს. ხალხიც გამოვა ქუჩებში და გააპროტესტებს.

"ჯერჯერობით რთული ვითარებაა, ჯერჯერობით ოპოზიციას შეიარაღებული დაჯგუფება არ ჰყავს და ამიტომაც შეცდომაა, რომ ტრამპი ერაყელ ქურთებს რომ მოუწოდებს, რომ ირანის ტერიტორიაზე გადავიდეს. ეს ახლო აღმოსავლეთში ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს. რეჟიმის დამხობა, ყოველთვის სტაბილურობის გარანტიას არ იძლევა",- განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე