
„ქართული ოცნების" საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციური ალიანსის პერსპექტივა, ირანისა და აშშ-ისრაელის სამხედრო კონფლიქტი და რეგიონში შექმნილი სიტუაცია - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა. მისი შეფასებით, მსოფლიოში ჯერ ბევრი რამ გასარკვევია, ეს კი, მათ შორის, შიდა სიტუაციასა და დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზეც აისახება.
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ოპოზიციური ალიანსის პერსპექტივა მის საგარეო პარტნიორებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ჩართეს მასში სალომე ზურაბიშვილი, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ის მოქმედი პრეზიდენტი აღარაა და ამის გარდა მას პოლიტიკური წონა და მუხტი არ აქვს.
„მაინც მგონია, რომ ოპოზიციური ალიანსი პერსპექტივა მათ საგარეო პარტნიორებზეა დამოკიდებული. „გარე ალიანsზეა" დამოკიდებული „შიდა ალიანსი" როგორ მოიქცევა. თვითონ ოპოზიციაშიც გარე პროცესებს უყურებენ. ეჭვი მაქვს, რომ სწორედ დასავლეთმა უთხრა, გაერთიანდით და ერთად იმოქმედეთო, მაგრამ მერე ამ გაერთიანებას დასავლეთი რა მიმართულებით გაუშვებს, ესაა უცნობი.
„დღესაც ბევრ ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ პოლიტიკა ქუჩიდან უნდა გადაწყდეს - ხელისუფლება ქუჩიდან უნდა შეიცვალოს, ჰოდა თუ უცხოეთიდან დაკვეთა ასეთი იქნა, ესენი დესტაბილიზაციაზე იმუშავებენ.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ჩართვა-არჩართვის თემა ისევ უცხოეთის საკითხია. გვახსოვს, უცხოეთს ჰქონდა პედალირება იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი ქალბატონი. ეტყობა უცხოეთმა ეს იდეა მოხსნა, ქალბატონი სალომე ისეთი ენერგეტიკის ადამიანი არაა, რომ სხვა პოლიტიკოსებს მისი დიდი იმედი ჰქონდეთ. ასეთი შანსი პრეზიდენტობის გამო გაუჩნდა და ამ შესაძლებლობას აჰყვნენ, რომ მას, როგორც პრეზიდენტს მათი მხრიდან ლეგიტიმურობა გაუხანგრძლივეს. ამას კი შიგნითა გარკვეული მხარდაჭერა მოჰყვა, მაგრამ თუ უცხოეთმა ამ თამაშის წესზე უარი თქვა, მაშინ სალომეზე ორიენტაციაც არ ექნებათ, რადგან ამ თანამდებობის ხსენების გარდა, სხვა პოლიტიკური წონა და მუხტი მას არ აქვს."
საყვარელიძემ თავდაცვის ექსმინისტრის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც თინა ხიდაშელი ამბობს, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი", რომელიც არის ტერორისტების სკოლა".
„ადამიანმა გამოაცხადა, რომ ტერორისტებს ამზადებენ საქართველოშიო, ადამიანმა, რომელსაც სწორედ სამხედრო და ამ სტრუქტურებთან ჰქონდა უმაღლესი რანგის ურთიერთობა. აქამდე ხიდაშელს ხმა არ ამოუღია, ახლა მაგაზე რატომ ალაპარაკდა? რადგან ახლაა საქართველოს დისკრედიტაციისთვის ხელსაყრელი თემა. იგივე გააკეთა კანდელაკმა. ახლა (ოპოზიციის მხრიდან) შეტევაა მაგაზე, რომ როგორმე დასავლეთის თვალში ირანთან ურთიერთობების კუთხით საქართველოს მდგომარეობა გაურთულონ",- ამბობს საყვარელიძე.
- „ახლა (ოპოზიციის მხრიდან) შეტევაა მაგაზე, რომ როგორმე დასავლეთის თვალში ირანთან ურთიერთობების კუთხით საქართველოს მდგომარეობა გაურთულონ"
ანალიტიკოსმა ისაუბრა „ქართული ოცნების" ბოლო პერიოდის შიდა პოლიტიკასა და კანონების გამკაცრების მიზეზებზე.
„საქართველო ომის პირობებშია, ომის პირობებში კი კანონები და ურთიერთობები მკაცრდება ხოლმე. უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვემზადებით თქვენთან არეულობისთვისო და მეტი რაღა უნდა მოხდეს იმის მისანიშნებლად, რომ ომის პირობებში ვართ? თორემ იგივე კანონები ხომ შეიძლებოდა ხუთი წლის წინ მიეღოთ, ოპიზიციაც და მისი საქციელიც იგივე იყო, მაგრამ არ მიუღიათ. ახლა დასავლეთმა ოპოზიციის გამოყენება დაიწყო საქართველოზე თავდასხმისთვის და ამიტომ დაიწყეს კანონების გამკაცრება.
„მოიხსნება თუ არა ეს სიმკაცრე და გაუქმდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, ბევრ ქვეყანაში არის ხოლმე, რომ კანონი კი იყო მკაცრი, მაგრამ მერე უკვე ძალადაკარგულად ითვლება, რადგან უკვე სიმკაცრის საჭიროება აღარ არის ხოლმე",- დასძინა ანალიტიკოსმა.
რაც შეეხება აშშ-საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობების პერსპექტივას, საყვარელიძე ამბობს, რომ „ყინული დაიძრა, ოღონდ არ დადნა".
„ყინული დაიძრა, ოღონდ არ დადნა. ჯერ დადნობამდე ბევრი დროა, არა მხოლოდ საქართველოს მხრიდანაა ბავერი ნაბიჯი გადასადგმელი, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშია ბევრი რამ გასარკვევი. ახლა ირანსა და აზერბაიჯანბს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ანუ რაღაც თვალსაზრისით დენთის სუნი კავკასიისკენ წამოვიდა, ამ ტიპის მოვლენები სანამ არ დალაგდება, იქამდე პროგნოზის გაკეთება ნაადრევია.
„რაც შეეხება ევროკავშირს, მასთან ურთიერთობა კონფლიქტურია და უკეთესობისკენ არანაირი ნიშანი არაა და არცაა საჭირო რომ იყოს, რადგან ევროკავშირის ინტერესებში საქრთველოსთან ურთიერთობების მოგვარება არ შედის, მათ ინტერესებშია საქართველოსთვის მარწუხების მოჭერა",-განაცხადა მან.
- „აშშ-სთან ყინული დაიძრა, ოღონდ არ დადნა. ჯერ დადნობამდე ბევრი დროა, არა მხოლოდ საქართველოს მხრიდანაა ბავერი ნაბიჯი გადასადგმელი, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშია ბევრი რამ გასარკვევი".
რაც შეეხება ირან-აშშ-ს ომს, საყვარელიძე ამბობს, რომ ჩვენთან დაგაკვეთის წერტილი არ აქვს კონფლიქტს.
„მადლობა ღმერთს ჯერჯერობით ამ ორ პოროცესს(ირანში ომს და საქართველოში არსებულ სიტუაციას) ერთმანეთის გადაკვეთის წერტილი არ აქვს. რა მოხდება სამომავლოდ რეგიონში ძნელი სათქმელია, რადგან აზერბაიჯან-ირანის კონფლიქტმა ბევრი რამ საფიქრალი გახადოს. რეგიონში აზერბაიჯანი ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორია და უამრავი ეკონომიკური კავშირები გვაქვს. თუ აზერბაიჯანს არასტაბილური მდგომარეობა ექნება ჩვენი ეკონომიკისთვისაც არასტაბილური იქნება",- განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



