რეზონანსი
(05.03.2026)

"მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" და ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის სუვერენიტეტსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო არაერთხელ გახდა მემარცხენე რადიკალური ჯგუფების თავდასხმის ობიექტი, მათ შორის დასავლეთის მხარდაჭერით.

"ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; არამედ, გულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან ფინანსდებოდნენ და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მან ყურადღება გაამახვილა მშობელთა შეხედულებების გამო შვილების შევიწროების ფაქტებზე, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაშიც არის წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა თავდასხმის მსხვერპლი თავის შვილებთან ერთად, როდესაც მას მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო დაესხნენ თავს. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც ყველა დგას.

ნიკოლოზ სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები - ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები - არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე