
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი სასამართლო სხდომაზე ოპოზიციას მკვეთრად დაუპირისპირდა. მან პოლიტიკურ პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინონ. ამასთან, უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, მის გარდა.
„გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ციხეში დამაყადაღეს, ადმინისტრაციული წესით ციხეში გამომიგზავნეს 9000 ლარი ჯარიმა, რომ თურმე წულუკიანს არ მოეწონა რაღაც. ჯერ ხომ საერთოდ დამატყვევეს, სასამართლო პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოგყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, მიმოწერა არა, არაფერი არა და 9000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი. ვიღაცებს კიდევ 18 000 ლარი აქვთ ხელფასი და ბოდიში, რა!" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ტელევიზიებსაც მინდა ვუთხრა - იცი, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება, ეს რეალობაა.
მერე, ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ ხალხო, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე, რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, ლილოში მოსიარულე ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით ხალხო წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას, ალბათ, ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.
მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს". ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" ალტერნატივას ხედავს.
„ეს არ არის ჩემი სასამართლო პროცესი. ლევან ხაბეიშვილის პროცესი ნახევარი წელია არ იმართება. წერილების უფლება რომ მქონდეს, სასამართლოს კი არ შევაწუხებდი. ჩემს აზრს გამოვთქვამდი წერილით ან მივწერდი რომელიმე ტელევიზიას. რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვეწონაო, უკაცრავად თუ ჩემი ტონი არ მოგეწონათ, ძალიან დიდი ბოდიში. მე თქვენი გულშემატკივრის, ქართველი ხალხის პოზიციიდან ვლაპარაკობ თქვენი მონა-მორჩილი, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია. ყველაზე პატარა ვარ, ვინც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში და არასდროს მქონია სხვა რამეზე პრეტენზია. ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს. გაჭირვებული, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად. არაფერი ზედმეტი ან მე ან ჩემს შვილებს არ გაგვაჩნია. ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



