
აზერბაიჯანული მედია უკვე ღიად საუბრობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე და ეს შეიძლება კავშირში იყოს ე.წ. ზანგეზურის კორიდოსი („ტრამპის მარშრუტი") ამოქმედებასთან. მათი ინფორმაციით, საქართველომ აზერბაიჯანული ტვირთების თავის ტერიტორიაზე გატარებისათვის არაბუნებრივად მაღალი ტარიფების მოთხოვნა დაიწყო, რაც ბაქოში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კოემნტარი არ გაუკეთებია.
აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა „მინვალმა" ბაქო-თბილისს შორის კონფლიქტის დეტალებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის".
გამოცემის ცნობით, 28 ნოემბერს, გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მეცამეტე შეხვედრა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა.
როგორც „მილვალი" წერს, გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე საქართველომ აზერბაიჯანს დაუდგინა 92 აშშ დოლარი.
„საქართველოს პასუხი ერთგვარ ინდიკატორია არა მხოლოდ კომერციის მხრივ, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ტონაზე 92 აშშ დოლარის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე 0,82 დოლარს ნიშნავს.
„შედარებისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე, იალამიდან ბოიუკ-ქესიქამდე 17 დოლარად გადის, ანუ კილომეტრზე 0,02 დოლარად. ეს 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის შეთავაზებული ტარიფი", - აღნიშნულია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პასუხმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ეს ქცევა ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას. მეტიც, გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ეწინააღმდეგება სტაბილური რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების არქიტექტურის ფორმირებას და იმ მომენტში, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შანსი ეძლევა კონფლიქტიდან განვითარებაზე გადავიდეს, თბილისი ამის შეფერხებას ცდილობს.
გამოცემა იმაზეც წერს, რომ ბაქო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა საქართველოში ინვესტიციებს და უწყვეტად უჭერდა მხარს:
„საქართველოსა და რუსეთის შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია - პარტნიორის და არა სარგებელმაძიებლის გზა. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას?"
რამდენიმე დღით ადრე სხვა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე და რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებს" საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება.
კავშირი ე.წ. ზანგეზურის კორიდორთან
კონლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია.
„ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დაადასტურებენ, რომ ტარიფები გაიზარდა. თუ ეს ასეა, მაშინ სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მხრიდან, რადგან აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე და ფასებზე უაღრესად დამოკიდებულები ვართ. ეს ძალიან ჰგავს რუსული პოლიტიკის რეალიზებას. გააფუჭო ურთიერთობა და არაფრის იმედი გქონდეს, არარეალურია.
„რუსეთი გამწარებულია, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენები აქვს. ასევე ძალიან აღიზიანებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები. საქართველოს კი არაფერში სჭირდება ახლა ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, მითუმეტეს, რომ მის ტერიტორიებზე გადის ტვირთვები - გაატარე რა, გაზარდე ძალიან მცირე სხვაობით და არა ასე", - თქვა ზაქარეიშვილმა.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, თუ კონფლიქტი ზანგეზურის კორიდორთანაა დაკავშირებული, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯია.
- „კონფლიქტი თუ მართლაც დაკავშირებულია ზანგეზურის კორიდორთან, მაშინ ძალიან არაშორსმჭვრეტვრელ ნაბიჯს ჰგავს საქართვრლოს ხელისუფლებისგან.
მითუმეტეს იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ზანგეზურის კორიდორი რომც ამუშავდეს, კი, ბატონო, ტვირთვების რაღაც ნაწილი კი შეიძლება გაატაროს, მაგრამ საქართველოს ძირითადი ფუნქცია, რომლითაც აზერბაიჯანს და თურქეთს აკავშირებს, მაინც რჩება. ნამდვილად არ მესმის ამის გამო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, თუ ეს სიამრთლეა. ფაქტობრივად, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ცუდ მდგომარეობაში ვაგდებთ, მითუმეტეს, რომ ფაქტობრივად, საქართველო დასავლეთისგან იზოლირებულია. თუ ამას მეზობელ ქვეყნებთან დაძაბულობა დაემატება, არ მგონია ამან სტაბილურობასა და განვითარებას ხელი შეუწყოს", - აღნიშნა კაკაჩიამ.
სადამდე მივა დაპირისპირება
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუ უთანხმოება მართლაც არსებობას და დაპირისპირება გაგრძელდება, აზერბაიჯანიც აწევს ფასებს საქართველოსთვის.
- „თუ ეს დაპირისპირება სიმართლე აღმოჩნდა და გაგრძელდა, მაშინ აზერბაიჯანი ტარიფებს გაზრდის უკვე სხვა მიმართულებით - გაზი, ნავთობი და სხვა.
ამ შემთხვევაში საქართველო რას იზამს? იტყვიან, ხალხო აზერბაიჯანი ფასებს გვიზრდის, სხვა გზა არ გვრჩება, რუსეთზე უნდა გადავიდეთო. ამ დროს რუსეთი ფასებს შეგვიმცირებს. მერე კიდევ უფრო კაბალურ დამოკიდებულებაში აღმოვჩნდებით რუსეთთან. ეს ორი-სამი წელი გაგრძელდება და რუსეთიც აწევს ფასებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
კორნელი კაკაჩიას უფრო ოპტიმისტური მოლოდინი აქვს:
„მე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ და რაღაც ახალ ესკალაციას არ უნდა ველოდოთ. ბოლო წლებბში ორივე ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ერთმანეთისთვის საჭიროები არიან. ვფიქრობ, ტარიფების საკითხი მოგვარდება. თუ დაპირისპირება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამით მესამე ქვეყნები იხეირებენ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



